ბათუმის დინამომ მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და ეროვნულ ლიგაში სეზონის პირველ შეხვედრას ჩაატარებს – აჭარლები პარასკევს, 1 მარტს მიხეილ მესხზე ქვეყნის ჩემპიონ საბურთალოს დაუპირსპირდებიან.
მოსამზადებელ პერიოდში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ დინამოს შემადგენლობის ფორმირება დაასრულა, რამდენიმე მოთამაშე დაიმატა და რამდენიმესაც შეელია.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ბექა ვარშანიძე 6-თვიანი იჯარით თბილისის შევარდენი 1906-ში ითამაშებს. დინამოს საყრდენი ნახევარმცველი გუნდში ხშირად თამაშობდა, მაგრამ ძირითადში ადგილი გარანტირებული არ ჰქონდა და ეროვნულ ლიგა 2-ის გუნდში დროებით გადასვლა ამიტომ ამჯობინა.
„ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა, შევარდენში მეტი სათამაშო დრო მექნება და ვიცი, რომ 6 თვეში დინამოს უკეთეს ფორმაში მყოფი დავბრუნდები“ – ამბობს ბექა ვარშანიძე.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის დინამო მოსამზადებელ ეტაპზე გასული სეზონის კიდევ ორ ლიდერს შეელია – ვარშანიძემდე გუნდი ორმა გამოცდილმა მოთამაშემ, ლევან შარიქაძემ და გელა გოგიტიძემ დატოვეს.