„ბათუმი“ წარმატებულ სვლას აგრძელებს
„ბათუმი“ წარმატებულ სვლას აგრძელებს

რაგბიში საქართველოს ჩემპიონატის, „დიდი 10“-ის მე-12 ტურის მატჩები გაიმართა. გათამაშების ლიდერი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ბათუმის სარაგბო კლუბი, თბილისის აკადემიას დაუპირისპირდა, ოთხი ლელო გაუტანა და 2020 წელი გამარჯვებით დაიწყო. ზღვისპირელებმა აკადემია 26:10 დაამარცხეს. ბათუმს 41 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში პირველ პოზიციაზე იმყოფება. „აკადემია“ 34 ქულით მე-4 ადგილზეა.

რუსთავში „ხარებმა“ საკუთარ მოედანზე გორის „ჯიქი“ მიიღო და დიდი ანგარიშით 38:7 სძლია. მასპინძლებმა მატჩის ბედი შეხვედრის პირველ ნახევარში გადაწყვიტეს. „ხარები“ შესვენებაზე დიდი უპირატესობით გავიდნენ, საწყისი 40 წუთი მათ სასარგებლოდ 26:0 დასრულდა. შეხვედრის პირველ ტაიმში დუბლი დათო თაბუკაშვილმა შეასრულა, თითო ლელო კი უჩა აღაშვილმა და ბექა ბებიაშვილმა მიითვალეს. მატჩის მეორე ნახევარში თითქმის არაფერი შეცვლილა. თაბუკაშვილმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. პრესტიჟის ლელო კი გორელთა მხრიდან ლაშა ნადირაძემ გაიტანა. შეხვედრის საბოლოო შედეგი გიორგი პეტრიაშვილმა 38:7 დააფიქსირა. „ხარებმა“ აღნიშნული გამარჯვებით 5 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში 40 ქულით მეორე ადგილზეა. რაც შეეხება „ჯიქს“ გორელები მე-6 ადგილზე იმყოფებიან და უახლოეს მდევარს 12 ქულით უსწრებენ.

ლელო სარასენსმა მე-12-ე ტურის შეხვედრაში „არმაზი“ 36:8 დაამარცხა, ბონუს ქულა მოიპოვა და ლიდერ „ბათუმს“ 3 ქულით ჩამორჩება. ქუთაისის „აიამ“ „ლოკომოტივს“ 20-12 მოუგო და 35 ქულით მეოთხე ადგილზეა. „ყოჩებმა“ „იუნკერებს“ 22:10 სძლია და ბოლოდან მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა. 15-15 ქულა აქვთ „არმაზს“, „ლოკომოტივს“, „იუნკერებს“ და 8-10 ადგილებს ინაწილებენ.