ბათუმი ევროპის სპორტის ქალაქია [ვიდეო]
ბათუმი ევროპის სპორტის ქალაქია [ვიდეო]

ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ (ACES Europe), ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა.

დაჯილდოების ცერემონია ევროპის პარლამენტში გაიმართა, სადაც ტიტული და დროშა, ბელგიაში სპეციალური ვიზიტით მყოფმა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ჩაიბარა.

ბათუმისთვის ამ ტიტულის გადაცემა მიმდინარე წლის ზაფხულში გადაწყდა. მაშინ აჭარას, ქალაქის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, ორგანიზაციის სპეციალური კომისია ეწვია, რომელსაც პრეზიდენტი ჯან ფრანჩესკო ლუპატელი ხელმძღვანელობდა. მათ ბათუმში ვიზიტის დროს სპორტული ობიექტები დაათვალიერეს და არსებული მდგომარეობა ადგილზე შეაფასეს.

საბოლოოდ, ACES Europe-ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბათუმი კარგი მაგალითია სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის კუთხით, რაც ACES Europe-ის  მთავარ მიზანს წარმოადგენს; სამაგალითოა სპორტული პოლიტიკა და ინფრასტრუქტურა, პროგრამები და აქტივობები. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მიენიჭა ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის წოდება. ეს ფაქტი თავის მხრივ ადასტურებს იმას, რომ ევროპაში საქართველო ერთ-ერთ სპორტულ ქვეყნად ითვლება. გარდა ამისა, მიღებული სტატუსი ქვეყანაში ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას. სპორტის განვითარება კი საქართველოში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა.

ACES Europe ევროპულ ქალაქებს ყოველწლიურად ანიჭებს ,,ევროპის სპორტის დედაქალაქის“, ,,ევროპის სპორტის ქალაქის“, ,,ევროპის სპორტის თემისა“ და ,,ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსს.

ბათუმი საქართველოდან პირველი ქალაქია რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. რაც შეეხება „ევროპის სპორტის დედაქალაქის“ სტატუსს, წელს ეს პატივი ბუდაპეშტს ერგო.

შეგახსენებთ რომ, წელს ბათუმმა, მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა, რამაც ეს აღიარება მნიშვნელოვნად განაპირობა.