ბათუმელთა პრეზიდენტი მწვრთნელის შეცვლას ჯერჯერობით გამორიცხავს - ფანებმა კი გეგუჩაძეს მადლობა გადაუხადეს და დაემშვიდობნენ #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ბოლო ტურში საქართველოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი და მეორეადგილოსანი ბათუმის „დინამო“ ბოლოადგილოსან ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდა და მხოლოდ ქულა აიღო -1:1.
გია გეგუჩაძის გუნდმა ბოლო ორ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა და გათამაშების ლიდერს, „დინამო თბილისს“ სამი ქულით ჩამორჩება. ამის გამო ბათუმის „დინამოს“ გუშლემატკივართა კლუბმა, „შავი ზღვის პირატებმა“ (Black Sea Pirates) უკმაყოფილება არ დამალეს.
„გია გეგუჩაძე – მადლობა და ნახვამდის! ვინც ვერ მიხვდა – წასვლაში ვეხმარებით“, – ასეთი მოკლე და მკვეთრი სტატუსი გამოაქვეყნა „შავი ზღვის პირატებმა“.
ბათუმელთა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში გუნდის შედეგებით აღშფოთება არც „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ბერიძემ დამალა.
„ეს გულშემატკივრების უპატივცემულობაა! აუცილებლად მივიღებთ ზომებს, რათა დასკვნები გამოვიტანოთ ასეთი უსუსური თამაშიდან – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. სპორტულ დირექტორთან ერთობლივად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ვითარება გამოვასწოროთ. ნამდვილ გულშემატკვრებს განვლილი ათი ტურისთვის ბოდიში მოვუხდი“, – განაცხადა ბერიძემ.
მან მწვრთნელის შეცვლასთან დაკავშირებით ორჯერ ახსენა ფრაზა – „ჯერჯერობით გამოვრიცხავ“, თუმცა იქვე მიანიშნა, რომ ბევრი რამ უახლოეს თამაშებზე იქნება დამოკიდებული.
„ჯერჯერობით, მწვრთნელის შეცვლას გამოვრიცხავ. შევიკრიბებით, უახლოეს თამაშებში მიზანს დავუსახავთ და ყველაფერი ამაზე იქნება დამოკიდებული. მოკლედ, ჯერჯერობით მწვრთნელის შეცვლა არ განიხილება. დღევანდელი და წინა მატჩის გამო თავიდან ბოლომდე ფეხბურთელებს ვადანაშაულებ“, – ამბობს ბერიძე.