ბათუმის „დინამომ“ „ტორპედოს“ ვერაფერი მოუხერხა - ქუთაისელებმა ქულა ქაფიანიძის გოლით გადაარჩინეს #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ „ტორპედოს“ ვერაფერი მოუხერხა - ქუთაისელებმა ქულა ქაფიანიძის გოლით გადაარჩინეს #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-10 ტური გორის „თენგიზ ბურჯანაძე – არენა” გამართული მატჩით დასრულდა. ბათუმის „დინამომ“ უმწვრთნელოდ დარჩენილ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ დაამარცხა.

პირველი ტაიმი ბათუმელებმა უკეთ ჩაატარეს. 25-ე წუთზე „დინამოს“ თავდამსხმელს, ლაშა შინდაგორიძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ქუთაისელთა მეკარე დინო ჰამზიჩმა საიმედოდ ითამაშა. ორიოდე წუთში, ქუთაისელთა კარის წინ გიორგი ფანცულაია აღმოჩნდა, მაგრამ „ტორპედო“ ისევ ბოსნიელმა გადაარჩინა.

ბათუმელებმა ანგარიში მაინც გახსნეს – ირაკლი ძარიას მოგერიებული ბურთი ბენჯამინ ტეიდიმ მოიპოვა და საჯარიმოს სიახლოვიდან ძლიერად დარტყმით ეფექტური გოლის ავტორი გახდა – 1:0.

ბათუმელთა „იდილია“ 78-ე წუთზე შეწყდა. სამუელ ინკუმის შესრულებული ჯარიმის შემდეგ კარის წინ შეტევაში ჩართული ლუკა ქაფიანიძე მცველებს გაექცა და ზუსტი თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა – 1:1.

ბათუმელებმა ბოლო წუთებზე აქტიურად შეუტიეს. „დინამოს“ დაწინაურება შეეძლო გიორგი ზარიას, მაგრამ შანსით ვერ ისარგებლა, შორეული დარტყმით სცადა გატანა ლადო მამუჩაშვილმა, მაგრამ ბათუმელებმა „ტორპედოს“ ვერაფერი მოუხერხეს და მატჩი 1:1 დასრულდა. შოთა ბაბუნაშვილის ხელმძღვანელობით (რომელმაც მიხეილ აშვეთიას შემდეგ გუნდი დროებით ჩაიბარა) ქუთაისურმა გუნდმა მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.

10 ტურის შემდეგ ბათუმელებმა 19 ქულა დააგროვეს და კვლავ მეორე ადგილზე არიან, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ 6 ქულით „თელავს“ გაუთანაბრდა, მაგრამ პირადი მაჩვენებლებით კვლავ ბოლო ადგილზეა.


„დინამო“ ბთ – „ტორპედო“ 1:1


გოლები: 1:0 ტეიდი (39), 1:1 ქაფიანიძე (78. ინკუმის პასით)

25.04. 2021. გორი. „თენგიზ ბურჯანაძე – არენა”

„დინამო“ ბთ: ლ. კუპატაძე – მამუჩაშვილი, მ. კობახიძე, აზაცკი, აზაროვი (79. თევდორაძე) – ალთუნაშვილი, ტეიდი, გროზურეკი (74. ნავალოვსკი) – ჯიღაური (74. ზარია), ფანცულაია, შინდაგორიძე (57. მანჯგალაძე)

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

„ტორპედო“: ჰამზიჩი – ქაფიანიძე, ჩაკვეტაძე, მირცხულავა, ნადარაია – ძარია (87. თედორე გრიგალაშვილი), მამასახლისი – ტაბატაძე (67. არდჩენკო), რეკიში, სალაკუ (58. ინკუმი) – ბუკასი (46. შარვაშიძე)

მთავარი არბიტრი: გ. ყრუაშვილი

გაფრთხილება: ნადარაია (84)


 

დატოვე კომენტარი