ბათუმელთა ორი სპარინგი - „დინამოს“ მცველი მძიმედ დაშავდა
ბათუმელთა ორი სპარინგი - „დინამოს“ მცველი მძიმედ დაშავდა
ბათუმის „დინამომ“ ორი ტესტ-მატჩი გამართა – გია გეგუჩაძის გუნდმა ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას ბაზაზე ჩოხატაურის „ბახმაროს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ანგარიში პენალტით ლევან გეგეჭკორმა გახსნა, მეორედ ჩოხატაურელთა კარი თორნიკე გაფრინდაშვილმა აიღო, ხოლო ამის შემდეგ თავი ბრაზილიელმა რეინალდომ გამოიჩინა, რომლისთვისაც ეს ბათუმელთა ფორმით სადებიუტო გოლი იყო.
ამის შემდეგ ბათუმელები ფოთის „კოლხეთი 1913“-ს დაუპირისპირდნენ და მატჩი ფრედ, 0:0 დაასრულეს. მაგრამ თამაშზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ „დინამოს“ მარჯვენა მცველი ლევან გეგეჭკორი 75-ე წუთზე დაშავდა – 26 წლის ფეხბურთელის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ამის გამო მატჩი შეწყდა, ფეხბურთელი კი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გუნდის ოფიციალური გვერდზე გავრცელებული ცნობის მიხედვით, გეგეჭკორს მცირე წვივის მოტეხილობა აქვს და იოგების დაწყვეტასაც არ გამორიცხავენ. თუმცა ჯერ ზუსტი დიაგნოზი მაინც უცნობია.
ბათუმის „დინამო“ ეროვნულ ლიგაში შვიდი ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ მატჩს მეექვსე ტურში ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამართავს – გია გეგუჩაძის გუნდი მეტოქეს ანგისას ბაზაზე 18 ივლისს მიიღებს.