ბათუმის „დინამოს“ მეტოქემ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის „სლოვანმა“ ჩეხეთის ჩემპიონ პლზენის „ვიქტორიასთან“ ამხანაგურ მატჩი გამართა და დამარცხდა.
მეზობელი ქვეყნების ჩემპიონებმა პლზენთან ახლოს მდებარე ჩეხურ ქალაქ დობრანიში ითამაშეს, ეს მოსამზადებელ შეკრებაზე „სლოვანის“ მესამე მატჩი იყო. პლზენის „ვიქტორიასთან“ დაპირისპირებაში სლოვაკების ძირითად შემადგენლობაში იყო გურამ კაშია, ჯაბა კანკავა კი შესვენების შემდეგ შევიდა, მაგრამ 64-ე წუთზე ვლადიმირ ვაისმა „ჯვაროსნების“ ყოფილი კაპიტანი შეცვალა.
ბრატისლაველებს რეალური საგოლე შესაძლებლობები ჰქონდათ, მაგრამ შანსები ხელიდან გაუშვეს და ამის გამო სამი გოლით დაისაჯნენ. 70-ე წუთზე პენალტით ვლადიმირ ვაისი უმცროსმა ანგარიში შეამცირა. 75-ე წუთზე მოედანზე ემოციებმა იფეთქა და მთავარმა არბიტრმა ორივე გუნდის მოთამაშე გააძევა, მათ შორის, ვლადიმირ ვაისი უმცროსი.
ანგარიში აღარ შეცვლილა, „სლოვანმა“ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა და მოსამზადებელ ეტაპზე პირველად დამარცხდა – 3:1 პლზენის „ვიქტორიას“ სასარგებლოდ. მომდევნო სპარინგს მოსამზადებელ შეკრებაზე „სლოვანი“ შაბათს, 2 ივლისს, „ბრნოსთან“ გამართავს.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავას „სლოვანი“ ბათუმის „დინამოს“ პირველ მატჩში ოთხშაბათს, 6 ივლისს „ტეჰელნე პოლზე“ უმასპინძლებს. ხოლო განმეორებით შეხვედრაში 13 ივლისს ესტუმრება.