ბათუმელები მეტოქეებს არჩევენ - გეგუჩაძეს ახალწვეულების ეიმედება
ბათუმელები მეტოქეებს არჩევენ - გეგუჩაძეს ახალწვეულების ეიმედება

ბათუმის „დინამომ“ სეზონისთვის მზადება დაიწყო. გია გეგუჩაძემ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი თბილისში შეკრიბა, მოთამაშეებმა კი სამედიცინო შემოწმება გაიარეს, – ინფორმაციას გუნდის ვებ გვერდი ავრცელებს.

ცნობილი გახდა, რომ გუნდი საქართველოში 2 თებერვლამდე მოემზადება, 4 თებერვალს კი მეორე შეკრებას თურქეთში გამართავს და 5 საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, საქართველოში კი 20 თებერვალს დაბრუნდება და ეროვნული ლიგის სტარტამდე დარჩენილ დღეებში მზადებას საქართველოში გააგრძელებს. გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის თქმით, თურქულ შეკრებაზე გუნდების ვინაობა ახლა ირკვევა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ბათუმელებმა რამდენიმე ახალი მოთამაშე დაიმატეს – გოგა ჩაბრაძე, გიორგი ზარია, გიორგი ფანცულაია, სანდრო ალთუნაშვილი, ნიგერიელი რაფაელ ჩუკვურა და ფრანგი ვამარა სანოგო.

„გუნდი ბოლომდე დაკომპლექტებული არაა. რამდენიმე საკმაოდ კარგი ტრანსფერი განხორციელდა. მოლაპარაკებები კიდევ სამ ფეხბურთელთან მიმდინარეობს. ჩემი აზრით, ის ფეხბურთელები, რომლებიც წელს „დინამოში“ ჩაირიცხნენ და ჩაირიცხებიან, თავს კარგად წარმოაჩენენ“, – ამბობს გეგუჩაძე.