ბათუ ქუთელია – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გამოხატული პრობლემები და კრიტიკა, რეალურად სამოქმედო გეგმაა საქართველოს მთავრობისთვის

18:48, 21.04.2018

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ პრობლემების მთელი სპექტრია წარმოდგენილი. ასე აფასებს ანგარიშს „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია და მიიჩნევს, რომ პრობლემები და კრიტიკა, რომელიც ანგარიშშია მოცემული, რეალურად საქართველოს მთავრობისთვის სამოქმედო გეგმაა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის დეგრადირება არ მოხდეს.

როგორც მან პირველ არხთან საუბარში განაცხადა, ყველა იმ პრობლემას, რომელიც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის სფეროში შედის, პასუხი კონკრეტული ქმედებებით, რაც შეიძლება მალე უნდა გაეცეს.

„ანგარიშში ადამიანის უფლებების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემებია ასახული – რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია და საზღვრისპირა რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევა, ასევე, შიდა პოლიტიკური პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, კერძოდ ძალოვან სტრუქტურებზე არასაკმარისი სამოქალაქო კონტროლის მექანიზმი, რაც შემდეგ უკვე ადამიანის უფლებების უშუალო დარღვევაში გამოიხატებოდა. ის პრობლემები და კრიტიკა, რასაც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი გამოხატავს ამ ანგარიშში, დაწყებული მედიის თავისუფლებით, დასრულებული ოკუპირებული ტერიტორიებით, არის რეალურად სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის დეგრადირება არ მოხდეს“, – განაცხადა ქუთელიამ.

მისი განმარტებით, დემოკრატიულობის ხარისხი განმსაზღვრელია სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის კუთხით.

ბათუ ქუთელიას თქმით, ადამიანის უფლებები არის ის მთავარი ამოსავალი წერტილი, რის გამოც დემოკრატიული თანამეგობრობა რუსეთს უპირისპირდება.

„ამ პრობლემების პირდაპირი და ღია გამოვლენა არის რუსეთის აგრესია და ოკუპაცია საქართველოს ტერიტორიების. ეს გვეხმარება იმაში, რომ საქართველოს უსაფრთხოების საკითხი დადგეს მსოფლიო ცივილიზებული სამყაროს უსაფრთხოების დღის წესრიგში და უფრო ეფექტური, ერთობლივი ღონისძიებები გავატაროთ. ბუნებრივია, ამას სჭირდება საქართველოს მთავრობის მხრიდანაც თანმიმდევრული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, მაგრამ ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემების პირობებში, ფაქტია და ჩანს, რომ ასეთი კოორდინირებული პოლიტიკის შექმნის მექანიზმები დღეს საქართველოში არ არსებობს“, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, რომელიც დემოკრატიის, ადამიანიასა და მშრომელთა უფლებების შემსწავლელმა ბიურომ მოამზადა, ყურადღება გამახვილებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლმებზე, მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე.

მსგავსი