კონფერენს ლიგის მეორე შესარჩევ ეტაპზე ბათუმის „დინამოსთან“ მატჩამდე, ბელარუსის „ბატე“ საუკეთესო ბომბარდირს, მაკსიმ სკავიშს შეელია.
ბელარუსული მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ სკავიში „შახტიორში“ უახლოეს საათებში გადავა. „ბატეს“ თავდამსხმელის კონკურენტ გუნდში გაყიდვა არ სურდა, მაგრამ ბორისოვოელებმა თავდამსხმელში 500,000 დოლარი მოითხოვეს, ამ თანხას კი მხოლოდ „შახტიორი“ იხდის.
ბათუმელებისთვის ისიც საინტერესო იქნება, რომ სკავიშის წასვლით ბორისოვოს გუნდში მხოლოდ დაბალშედეგიანი ილია ვასილევიჩი და ნიკოლაი სიგნევიჩი დარჩებიან და ახალ თავდამსხმელს ეძებენ.
ბელარუსული მედიის ცნობით, ბათუმელებთან მატჩამდე „ბატეს“ „გომელის“ თავდამსხმელის, ანდრე სოლოვეის და ბრესტის „დინამოდან“ სტანისლავ ბელენკის დამატება სურთ.
სოლიგორსკში სკავიშმა პირადი კონტრაქტი 1,5-2 ჯერ უკეთესი პირობებით გააფორმა და მისი ხელფასი „ბატეს“ კაპიტან იგორ სტასევიჩის დონეზე იქნება – წელიწადში დაახლოებით 200 ათასი დოლარი პრემიების გარეშე.
სკავიში ბელარუსის საუკეთესო თავდამსხმელია. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა ბორისოვოს გუნდში 15 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ალბათ, ბათუმში „ბატე“ „დინამოს“ სკავიშის გარეშე ესტუმრება. ის „შახტიორს“ კონფერენს ლიგაზე სჭირდება და ეს იმას ნიშნავს, რომ ბორისოვოში თამაშით ახალი გუნდის დახმარების შანსზე უარს არ იტყვის.
ბათუმის „დინამო“ ბელარუსის „ბატეს“ 22 ივლისს უმასპინძლებს, ხოლო 29 ივლისს ბორისოვოში ესტუმრება.