გია გეგუჩაძე - „ბატე“ კარგი გუნდია, მაგრამ სასურველი კონცენტრაციით და სწორი თამაშით შედეგს მივაღწევთ #1TVSPORT
გია გეგუჩაძე - „ბატე“ კარგი გუნდია, მაგრამ სასურველი კონცენტრაციით და სწორი თამაშით შედეგს მივაღწევთ #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ სან-მარინოს „ტრე პენე“ ორივე შეხვედრაში დაამარცხა (4:0, 3:0) და კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პრესკონფერენციაზე მატჩი შეაფასა.

„ორივე შეხვედრა მშრალი ანგარიშით მოვიგეთ. მთავარი ისაა, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. განმეორებით მატჩამდე გუნდში შესაბამისი განწყობა არ იყო, მაგრამ ვითარება მეორე ტაიმში მაინც გამოვასწორეთ. სანმარინოელები კი დღეს უფრო დაიხარჯნენ. ერთი გოლის გატანა მაინც სურდათ“, – განაცხადა გია გეგუჩაძემ.

ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა მეორე ეტაპზე ბელარუსის „ბატესთან“ დაპირისპირებაში გუნდის შანსზეც ილაპარაკა.

„რაც შეეხება „ბატეს“, რომელსაც მეორე ეტაპზე შევხვდებით, მიმაჩნია, რომ ჩვენს დაპირისპირებაში ორივე გუნდს თანაბარი შანსი გვაქვს. მეტოქის შესწავლას ახლა დავიწყებთ. ეს ძლიერი და კარგი გუნდია, მაგრამ მგონია, რომ სასურველი კონცენტრაციისა და მონდომების ხარჯზე, ყველაფერი გამოვა. მთავარია, სწორად ვითამაშოთ და შედეგს მივაღწიოთ“, – აცხადებს გეგუჩაძე.

კომენტარი „დინამოს“ კაპიტანმა მამუკა კობახიძემაც გააკეთა, რომელიც პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარ მწვრთნელს ახლდა.

„რა თქმა უნდა, შედეგს დადებითად ვაფასებ. მეტოქე დღეს ნამდვილად უფრო მონდომებული და მომზადებული გამოიყურებოდა. შევეცდებით, „ბატესთანაც“ კარგი შედეგი დავაფიქსიროთ. ვეთანხმები გიას, რომ მესამე ეტაპის საგზურის მოპოვებას სწორად თამაშითა და კარგი მომზადებით შევძლებთ“.

შეგახსენებთ, რომ კონფერენციის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ „ბატეს“ შეხვდება. პირველი მატჩი 22 ივნისს ბათუმში გაიმართება, ხოლო 29 ივლისს გეგუჩაძის გუნდი მეტოქეს ბელარუსში ესტუმრება.