ბასილაშვილი ჰამბურგში ტიტულის დაცვას ბაუტისტა აგუტთან მატჩით დაიწყებს
ბასილაშვილი ჰამბურგში ტიტულის დაცვას ბაუტისტა აგუტთან მატჩით დაიწყებს

„დიდი სლემის“ ტურნირის როლან გაროსის წინ, ჩოგბურთელები ბოლო რეპეტიციას ჰამბურგში გაივლიან, სადაც ATP500 კატეგორიის ტურნირი ჩატარდება. გერმანიის ამ ქალაქში ბოლო ორი გათამაშება – 2018 და 2019 წელს ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიგო, ასე რომ, მას ჰამბურგში ტიტულის დაცვა უწევს.

გაიმართა ძირითადი ბადის წილისყრა და ცნობილი გახდა ბასილაშვილი პირველი მეტოქე – ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი, რომელიც ბოლო დროს კარგ ფორმას აჩვენებს. მან ცინცინატის “მასტერსზე” რუსი დანიილ მედვედევი დაამარცხა და ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც სეტი მოუგო ნოვაკ ჯოკოვიჩს, აშშ-ის ღიაზე კი ორი წრე გაიარა და მესამე რაუნდში ხუთ სეტში დამარცხდა კანადელ ვასეკ პოსპიშილთან. ბაუტისტა აგუტი დღეისთვის მსოფლიოს მეათე ჩოგანია.

ბასილაშვილი 2020 წელს წარუმატებლად გამოდის. ATP-ის დონეზე მან 12 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ სამი მოიგო. ამ მომენტისთვის, ქართველს ოთხმატჩიანი წაგებათა სერია აქვს, ხოლო თუ საგამოფენო მატჩებს ავიღებთ, ეს სერია ხუთ მატჩამდე ადის.

ბასილაშვილი და ბაუტისტა აგუტი პროფესიულ ტურში სამჯერ შეხვედრიან ერთმანეთს: 2015 წელს, უიმბლდონის მეორე წრეში ესპანელმა სამ სეტში მოიგო (7:6, 6:0, 6:1), 2017 წელს, მონტე კარლოს „მასტერსზე“ ისევ ბაუტისტამ გაიმარჯვა (1:6, 6:3, 7:5) და მხოლოდ მესამე ცდაზე შეძლო ქართველმა ესპანელის ძლევა – ეს მოხდა 2019 წელს დუბაიში (6:7, 6:4, 6:3).

მატჩი ორშაბათს გაიმართება. ბასილაშვილსა და ბაუტისტა აგუტს შორის გამარჯვებული მეორე წრეში იაპონელ ნიშიოკასა და გერმანელ კოპფერს შორის მოგებულს შეხვდება. ამ უკანასკნელმა შაბათს, რომის „მასტერსის“ მეოთხედფინალში სეტი აუღო ჯოკოვიჩს.

ჰამბურგის ტურნირზე განთესილები არიან: 1. დანიილ მედვედევი (რუსეთი), 2. სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი), 3. გაელ მონფილსი (საფრანგეთი), 4. რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი), 5. ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი), 6. ფაბიო ფონინი (იტალია), 7. დიეგო შვარცმანი (არგენტინა), 8. კარენ ხაჩანოვი (რუსეთი).

დატოვე კომენტარი