ბაშარ ასადი აცხადებს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ შეხვედრაზე ძირითად საკითხებს განიხილავენ
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ამ შეხვედრაზე ძირითად საკითხებს განიხილავენ. ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ასადის თქმით, ერდოღანს შეხვდება იმ შემთხვევაში, თუ ორივე ქვეყანა ფოკუსირებული იქნება „ანკარის მხრიდან ტერორიზმის მხარდაჭერასა“ და თურქული ძალების სირიის ტერიტორიიდან გაყვანაზე.
„პრობლემა არა შეხვედრა, არამედ მისი შინაარსია. რა არის შეხვედრის მიზანი? დაასრულებს თუ არა ეს პრობლემის გამომწვევ მიზეზებს, რომლებიც არის ტერორიზმის მხარდაჭერა და სირიიდან თურქეთის ძალების გაყვანა? ეს არის პრობლემის არსი. თუ არ იქნება საუბარი მთავარ პრობლემაზე, მაშინ რა აზრი ექნება ასეთ შეხვედრას?“ – განაცხადა ასადმა.
სირიის პრეზიდენტის თქმით, დადებითად უპასუხებს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიმართულია ორმხრივი კავშირების გაუმჯობესებისკენ, მაგრამ, მისივე თქმით, ასეთი მოლაპარაკებების საფუძველი ჯერ უნდა შეიქმნას.