ბაშარ ალ-ჯაფარი ქალაქ დუმაზე სავარაუდო ქიმიური იარაღით თავდასხმასთან სირიის მთავრობის კავშირს გამორიცხავს
გაერო-ში სირიის ელჩი ბაშარ ალ-ჯაფარი ქალაქ დუმაზე სავარაუდო ქიმიური იარაღით თავდასხმასთან სირიის მთავრობის კავშირს გამორიცხავს. ამის შესახებ ალ-ჯაფარმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც საგანგებოდ სწორედ ამ თავდასხმის გამო მოიწვიეს. ალ-ჯაფარის თქმით, სირიას არ გააჩნია არავითარი ქიმიური იარაღი და ის გმობს მათ გამოყენებას. ჰომსის სიახლოვეს სირიის ავიაბაზაზე ამოუცნობი სამხედრო თვითმფრინავების მიერ მიტანილ იერიშში ბრალს სირიის მთავრობა ისრაელს სდებს.
„სირიის მთავრობა მკაცრად გმობს ისრაელის დაუნდობელ აგრესიას, რომელსაც ჰომსის გუბერნიის აეროპორტში მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა“, – განაცხადა ალ-ჯაფარმა.
„აგრესიის ეს აქტი ვერ განხორციელდებოდა, რომ არა შეუზღუდავი და მუდმივი მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს უცხადებს“, – დაამატა მან.
სირიის სამაშველო ორგანიზაციის ინფორმაციით, სავარაუდო ქიმიურ თავდასხმას შაბათს, გვიან ღამით სულ მცირე 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1000-ზე მეტი კი დაშავდა.
რუსეთის ელჩი გაეროში ვასილი ნებეზნია კი აცხადებს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე არ მიუთითებს არავითარი მტკიცებულება. მისი თქმით, მომხდარის ადგილას არ აღმოუჩენიათ მოწამლული ადამიანები და არც ექიმები ადასტურებენ, რომ მათ ქიმიური იარაღით მოწამლულმა ადამიანებმა მიმართეს დახმარებისთვის.