ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა
ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა

კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ბარსელონაში მსვლელობა გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბარსელონაში ათასობით კატალონიელი გამოვიდა რეგიონის ესპანეთისგან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნით. მსვლელობა „კატალონიის ეროვნული ასამბლეის“ მიერ იყო ორგანიზებული, რომლის ცხრა წევრი ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ შეიწყალა.

პოლიციის ინფორმაციით, მსვლელობაში 100 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას; „კატალონიის ეროვნული ასამბლეის“ განცხადებით კი, კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით 400 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

11 სექტემბერს კატალონიის რეგიონში ყოველწლიურად „ლა დიადას“ აღნიშნავენ. სწორედ 1714 წლის 11 სექტემბერს აიღეს ბარსელონა ესპანეთის სამეფო ძალებმა. ეს დღე კატალონიის ეროვნულ დღედ არის აღიარებული.

მომდევნო კვირაში პოლიტიკურ კონფლიქტთან დაკავშირებული დიალოგის აღსადგენად რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრა იგეგმება. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა მოლაპარაკებებში მონაწილეობას ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი.