ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდებმა ახალი სეზონისთვის მზადება ბარსელონას ავტოდრომზე დაიწყეს. ორშაბათს წინასასეზონო ზამთრის ტესტების პირველი დღე იყო.
დღემ მშვიდად ჩაიარა. ტესტები მხოლოდ ორჯერ შეწყდა წითელი დროშებით. პირველი საათის ბოლოს, ფერნანდო ალონსო გადავარდა ტრასიდან, რადგან უკანა მარჯვენა საბურავი არ იყო კარგად დამაგრებული.
ღორღზე გადასული “მაკლარენი” დაზიანდა, რის გამოც, ესპანელმა სამი საათი დაკარგა, მაგრამ პირველი სესიის ბოლოს მოასწრო ტრასაზე დაბრუნება.
ასევე, ტრასის მიღმა აღმოჩნდა “ფორს ინდიას” ტესტ-პილოტი, რუსი ნიკიტა მაზეპინი. ის ტრასაზე აღარ დაბრუნებულა.
საბოლოო ოქმს სათავეში ჩაუდგა “რედ ბულის” პილოტი დანიელ რიკარდო. დილის სესიაში მის მიერ ნაჩვენები დრო ბოლომდე საუკეთესო იყო. გარდა ამისა, “რედ ბულმა” ყველაზე გრძელი დისტანციაც გაიარა – 105 წრე.
ამ კვირას, საბოლოო შედეგებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს – გუნდებს ჯერ არ დაუწყიათ მუშაობა სიჩქარეზე და სხვა ამოცანებს წყვეტენ. რეალურთან მიახლოებული უფრო მეორე კვირის ტესტების შედეგები იქნება.
ტესტები. I დღე
1. რიკარდო (Red Bull) 1.20,179 (105 წრე)
2. ბოტასი (Mercedes) +0,170 (58)
3. რაიკონენი (Ferrari) +0,327 (80)
4. ჰიულკენბერგი (Renault) +0,368 (73)
5. ალონსო (McLaren) +1,160 (51)
6. საინსი (Renault) +1,989 (26)
7. ჰემილტონი (Mercedes) +2,148 (25)
8. ჰარტლი (Toro Rosso) +2,192 (93)
9. სტროლი (Williams) +2,273 (46)
10. გროსჟანი (Haas) +2,399 (55)
11. ერიქსონი (Sauber) +3,229 (63)
12. მაზეპინი (Force India) +5,449 (22)
13. სიროტკინი (Williams) +23,969 (27)