ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირი (უეფა) განიხილავს ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ განმეორებითი მერვედფინალის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარების შესაძლებლობას, – წერს „მუნდო დეპორტივო“.
ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი ნეაპოლში 26 თებერვალს გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. განმეორებითი მატჩი ბარსელონას „კამპ ნოუს სტადიონზე“ 8 აგვისტოსთვის არის დანიშნული.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, სიტუაცია კატალონიაში რთული რჩება და უეფა ყურადღებით აკვირდება მოვლენათა განვითარებას.
წყაროს ცნობით, უეფა-მ მიმართა კატალონიის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს, რომლის პასუხზეც იქნება დამოკიდებული თამაშის ჩატარების ადგილი. ელოდებიან, რომ უეფა გადაწყვეტილებას ამ კვირის ბოლოს მიიღებს.
სათადარიგო ვარიანტად განიხილება პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი, სადაც გაიმართება 2019-20 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალი.