„ბარსელონა“, შესაძლოა, ესპანეთის თასის გათამაშებიდან მოხსნან. მიზეზი ისაა, რომ მერვედფინალის პირველ მატჩში „ლევანტეს“ წინააღმდეგ, „ბარსას“ შემადგენლობაში ითამაშა ფეხბურთელმა, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო.
ლაპარაკია მცველ ხუან მოვილიეზე, რომელიც აღნიშნულ მატჩში მოედანზე 58 წუთი იყო. მან დისკვალიფიკაცია „ბარსელონას“ მეორე გუნდში თამაშისას მიიღო და შესაბამისად, თამაშის უფლება არ ჰქონდა.
სამი წლის წინ, მსგავსი შემთხვევა ჰქონდა მადრიდის „რეალს“. მაშინ მის შემადგენლობაში რუსმა დენის ჩერიშევმა ითამაშა, რომელიც ზედმეტი ყვითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებული იყო. საბოლოოდ, „რეალი“ ესპანეთის თასს ჩამოაშორეს.
„ბარსელონასა“ და „ლევანტეს“ განმეორებითი მატჩი ხუთშაბათს გაიმართება.