ლას ვეგასში „რეალისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება შედგა. ამხანაგური „კლასიკო“ კატალონიელებმა რაფინიას ერთადერთი გოლით მოიგეს. ბრაზილიელმა 27-ე წუთზე გამოიჩინა თავი.
„ბარსელონასთვის“ ეს იყო მეორე ამხანაგური მატჩი და 25 წლის რაფინიას ამ ორ შეხვედრაში ორი გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. წინა მატჩში „ბარსამ“ 6:0 გაანადგურა „ინტერ მაიამი“.
„ბარსელონას“ რიგებში შედგა რობერტ ლევანდოვსკის დებიუტი. პოლონელმა პირველი ტაიმი სრულად ითამაშა და 46-ე წუთიდან მის ნაცვლად თამაშში პიერ-ემერიკ ობამეიანგი ჩაერთო.
„რეალის“ რიგებში ითამაშა მისმა ერთადერთმა ახალწვეულმა ორელიენ ჩუამენიმ. შეხვედრა გამოტოვა მადრიდელთა ბომბარდირმა ქარიმ ბენზემამ და პირველ ტაიმში ფორვარდის პოზიციაზე მისი ადგილი ედენ აზარმა დაიკავა.