„ბარსელონამ“ „ნიუკასლს“ შვიდი გოლი გაუტანა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე მეოთხედფინალისტი „ბარსელონა“ გახდა, რომელმაც განმეორებით მერვედფინალში საკუთარ „კამპ ნოუზე“ 7:2 დაამარცხა „ნიუკასლი“. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ინგლისში 1:1 დასრულდა.
პირველ 28 წუთში გუნდებმა ორჯერ გაცვალეს გოლები. „ბარსელონა“ რაფინიასა და ბერნალის გოლებით იგებდა, მაგრამ ელანგამ ორჯერ გაათანაბრა ანგარიში. პირველი ტაიმი მაინც მასპინძლებმა მოიგეს – რაფინიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ლამინ იამალმა გამოიყენა.
მეორე ტაიმში „ბარსელონამ“ ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა: დუბლი შეასრულა ლევანდოვსკიმ, თითო გოლი გაიტანეს ფერმინ ლოპესმა და რაფინიამ, რომელსაც ამ მატჩში 2+2 ჰქონდა.
„ბარსელონა“ მეოთხედფინალში „ატლეტიკოსა“ და „ტოტენჰემს“ შორის მოგებულს შეხვდება.