„ბარსელონა“ კილიან მბაპესთვის ბრძოლას აპირებს #1TVSPORT
„ბარსელონა“ კილიან მბაპესთვის ბრძოლას აპირებს #1TVSPORT

„ბარსელონა“ აპირებს კონკურენცია გაუწიოს მადრიდის „რეალს“ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ კილიან მბაპესთვის ბრძოლაში, – ამის შესახებ ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ წერს.

ცოტა ხნის წინ, კატალონიურმა გრანდმა 595 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი მიიღო ბანკ Goldman Sachs-ისგან, აგრეთვე, სასპონსორო გარიგება გააფორმა კომპანია Spotify-ისთან, რომლის მიხედვითაც წელიწადში 70 მილიონ ევროს მიიღებს. წყაროს ცნობით, ეს ფული „ბარსელონას“ საშუალებას მისცემს ხელსაყრელი წინადადებით მიმართოს მბაპეს.

გაზეთ „ეკიპის“ ვერსიით, მბაპე მზად არის კატალონიელების შეთავაზების განსახილველად, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფრანგ ფეხბურთელს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ მბაპეზე მთავარ პრეტენდენტად „რეალი“ მიიჩნევა, მაგრამ ესპანური პრესის ცნობით, მხარეებს შორის კონტრაქტი ჯერ გაფორმებული არ არის.

კილიან მბაპეს კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ ამ ზაფხულს იწურება. მიმდინარე სეზონზე მან 37 ოფიციალურ მატჩში 26 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.