გაირკვა ბარსელონაში გამართული შეხვედრის დეტალები, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა, რომელიც „დორტმუნდის“ ფორვარდის ერლინგ ჰალანდის ინტერესებს წარმოადგენს და „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა.
კატალონურმა მხარემ განაცხადა, რომ ფინანსური სირთულეების გამო, 2022 წლის ზაფხულში ურჩევნიათ ნორვეგიელის გაფორმება, როცა კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, ჰალანდის ფასი 75 მილიონი ევრო იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2021 წელს გადასახდელი იქნება დაახლოებით 190 მილიონი ევრო – მინიმუმ 150 მილიონი კლუბს და 40 მილიონი აგენტს.
„ბარსელონა“ გარანტიას აძლევს ჰალანდს, რომ ის გახდება ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გუნდში მესის წასვლის შემთხვევაში ან მეორე იქნება ამ მაჩვენებლით, თუ მესი დარჩება გუნდში.
ამასთან, „ბარსელონაში“ ესმით, რომ ფინანსური შესაძლებლობებით, კონკურენციას ვერ გაუწევენ „რეალს“, თუმცა არსებობს ჰალანდის ამ ზაფხულს შეძენის ერთი ვარიანტი – „ბარსა“ კრედიტის მიღებას აპირებს. ასე მოიქცა კლუბი 2019 წლის ზაფხულში, როცა „ატლეტიკოდან“ 120 მილიონ ევროდ ყიდულობდა ანტუან გრიზმანს.