„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩზე 30 ათასი მაყურებლის დასწრებას აპირებს
„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩზე 30 ათასი მაყურებლის დასწრებას აპირებს

„ბარსელონა“ იმედოვნებს, რომ გულშემატკივრები შეძლებენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ფერენცვაროშთან“ მატჩზე დასწრებას, – წერს გაზეთი „მარკა“.

რამდენიმე დღის წინ, უეფამ ნება დართო კლუბებს – შეუშვან სტადიონზე ტევადობის 30 პროცენტი. ასე რომ, კატალონელთა სტადიონი „კამპ ნოუ“ შეძლებს დაახლოებით 30 ათასი გულშემატკივრის მიღებას.

„თუ მთავრობა ნებას დაგვრთავს, ტრიბუნების გახსნას ვაპირებთ. რაც უფრო მალე დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, მით უკეთესი, რადგან ეს ყველას დადებითად წაადგება“, – განაცხადა „ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტმა ჟორდი მოიქსმა.

„კამპ ნოუს“ ტრიბუნებზე მაყურებელი 7 მარტის შემდეგ არ ყოფილა.

„ბარსელონასა“ და „ფერენცვაროშის“ მატჩი 20 ოქტომბერს გაიმართება.