ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულისა და დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულისთვის აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულისა და დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულისთვის აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

პროცესი საქალაქო სასამართლოში 17 აპრილს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

ამასთან, ამავე სხდომაზე იმსჯელებენ საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდოს.

ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული თ.ბ.-სთვისაც.

ვეფხია ბაქრაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 – დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო თ.ბ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.