ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე „შტადლერის“ სისტემის გამოყენებაზე ხელშეკრულება გაფორმდა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე „შტადლერის“ სისტემის გამოყენებაზე ხელშეკრულება გაფორმდა

„მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და შვეიცარულ „შტადლერს“ შორის ახალი ავტომატიზირებული სისტემის შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

საუბარია ევროპული UIC-60 სტანდარტის ლიანდებზე ავტომატური გადასვლის სისტემაზე. დოკუმენტს შვეიცარიის ქალაქ ბუსნანგში შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის” დირექტორმა ლევან კანკავამ მოაწერა ხელი.

კომპანიის ინფორმაციით, ტექნოლოგია გამოიყენება სამგზავრო შემადგენლობებისთვის, რათა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ დააკმაყოფილოს ყველა სტანდარტი და მომხმარებლებს შესთავაზოს მაქსიმალურად კომფორტული მომსახურება, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ყველა შემაფერხებელი ფაქტორი.

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ უზრუნველყოფს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის მართვას. პროექტის ფარგლებში, ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის ტერიტორიაზე, პოსტსაბჭოთა რ65 სტანდარტის (ფართე) ლიანდები უერთდება ევროპულ UIC-60 სტანდარტის (ვიწრო) ლიანდებს. შემუშავებული პროექტის მიხედვით, ევროპული სტანდარტების ლიანდებზე მოძრავი შემადგენლობა უნდა გადავიდეს ავტომატურ რეჟიმში, სვლის შეჩერების გარეშე.

სწორედ ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვის გამო, მგზავრთა გადაყვანის დაწყება იგეგმება 2019 წლისათვის.

„შტადლერი“ შვეიცარული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მატარებლებსა და სხვადასხვა სახის სარკინიგზო სისტემებს 1942 წლიდან.

„იმ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით იჩენს საზოგადოება, საჭიროდ მივიჩნიეთ ეს მნიშვნელოვანი და ჩვენი ქვეყნისათვის განსაკუთრებით სასიხარულო სიახლე გვეცნობებინა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთს შეემატა კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგია. ეს არის მორიგი დასტური იმისა, რომ ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგური იქნება რეგიონში უპირველესი და უნიკალური ინფრასტრუქტურის მქონე სარკინიგზო ცენტრი“, – აცხადებენ კომპანიაში.

დატოვე კომენტარი