ბანიკოვის თასი თურქეთმა პენალტების სერიით მოიგო #1TVSPORT
ბანიკოვის თასი თურქეთმა პენალტების სერიით მოიგო #1TVSPORT

კიევში ბანიკოვის ტურნირის ფინალი გაიმართა – ერთმანეთს უკრაინისა და თურქეთის 17-წლამდე გუნდები შეხვდნენ და გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მონაწილეობდა და მე-4 ადგილი დაიკავა. უკრაინელებმა თავის ჯგუფში დაამარცხეს სომხეთი (4:0) და ბულგარეთი (1:0), ხოლო ბელარუსთან ფრედ (2:2) ითამაშეს. თურქებმა სამივე მატჩი მოიგეს – საქართველოსთან (2:1), სლოვაკეთთან (3:2) და უზბეკეთთან (3:2).

ფინალში, მე-10 წუთზე კრემჩანინმა ძლიერი დარტყმით უკრაინა დააწინაურა 1:0. მეორე ტაიმში თურქებმა უპირატესობა მოიპოვეს და 75-ე წუთზე კილიჩსოიმ წონასწორობა აღადგინა 1:1. ანგარიში აღარ შეცვლილა და დებულების თანახმად, გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, რომელიც თურქებმა უკეთ შეასრულეს – 5:4.

აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეორე ტურნირია, უკრაინა ფინალში თურქეთს ხვდება, მეორედ გახდა პენალტების სერიის შესრულება საჭირო და მეორედაც მასპინძლებმა წააგეს.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებისთვის, ბანიკოვის ტურნირი ევრო 2022-ის შესარჩევი ეტაპის მომზადების ერთ-ერთი ეტაპი იყო. ჩვენი გუნდი მე-4 ჯგუფში მოხვდა უნგრეთის (მასპინძლები), ისლანდიისა და ესტონეთის ნაკრებებთან ერთად. მატჩები 22-28 ოქტომბერს გაიმართება.

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის 13 შესარჩევი ჯგუფის საუკეთესო ორი გუნდი და მესამე ადგილზე გასული 4 საუკეთესო გუნდი (ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდის შედეგების მიხედვით) ელიტ რაუნდში გავა, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება. რეიტინგის პირველმა ორმა გუნდმა – ჰოლანდიამ და ესპანეთმა ამ ეტაპის საგზური ავტომატურად მიიღეს. ფინალური ეტაპი 16 მაისიდან 1 ივნისამდე ისრაელში გაიმართება.