ბანგლადეშში 19 წლის გოგონას ცოცხლად დაწვისთვის 16 პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს
ბანგლადეშში 19 წლის გოგონას ცოცხლად დაწვისთვის 16 პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

ბანგლადეშში 19 წლის გოგონას ცოცხლად დაწვისთვის 16 პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აზიური სახელმწიფოს სასამართლომ განაჩენი ჩვეულზე ბევრად ადრე გამოიტანა, რადგან მსგავსი საქმეების წარმოების დროს განაჩენის გამოტანას, როგორც წესი, წლები სჭირდება ხოლმე.

„ბიბისის“ ცნობით, დამნაშავეებს შორის არიან 19 წლის დაღუპული გოგონას, ნურსათ ჯაჰან რაფის სკოლის სამი მასწავლებელი, მათ შორის სკოლის დირექტორი, რომელმაც გოგონას მკვლელობა ციხიდან შეუკვეთა. დამნაშავეებს შორის ასევე არიან ადგილობრივი მმართველი პარტიის წევრებიც. ამასთან ერთად, გამოძიებამ დაადგინა, რომ რამდენიმე ადგილობრივი პოლიციელი საქმესთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ცნეს დამნაშავედ. ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ნურსათ ჯაჰან რაფიმ თავი მოიკლა. დამნაშავეებს შორის არიან თავად მსხვერპლის კლასელებიც.

19 წლის გოგონა, ნურსათ ჯაჰან რაფი 2019 წლის 6 აპრილს მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, ნურსათ ჯაჰან რაფი სკოლის სახურავზე მოტყუებით აიყვანეს, სადაც თავს დაესხნენ და ცოცხლად დაწვეს. თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც 19 წლის გოგონამ თავისი სკოლის დირექტორი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა.

როგორც გამოძიება იუწყება, სკოლის სახურავზე ასვლის დროს გოგონას ოთხი პირი დაესხა თავს. ისინი ბურკებით იყვნენ შემოსილები და ცდილობდნენ, გოგონა სახურავიდან გადაეგდოთ, რათა შემთხვევას სუიციდის სახე მიეღო, თუმცა გოგონას მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ თავდამსხმელებმა ის ცოცხლად დაწვეს.

ნურსათ ჯაჰან რაფი თავდასხმიდან ოთხ დღეში, 10 აპრილს სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.

ბანგლადეშში სექსუალური შევიწროვება საკმაოდ ხშირი შემთხვევაა. უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, მხოლოდ 2019 წელს დასაქმებული ქალების 80 პროცენტი სექსუალური შევიწროვების მოწმე ან თავად მსხვერპლი გახდა. თუმცა, ხშირ შემთვევაში ქალები შესაბამისი უწყებებისთვის შეტყობინებას ვერ ბედავენ და მოძალადეები დაუსჯელები რჩებიან.