ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების დაგმობის მიზნით, ესტონეთმა რუსი დიპლომატი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა
ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების დაგმობის მიზნით, ესტონეთმა რუსი დიპლომატი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა.
„სქაინიუსის“ ინფორმაციით, ესტონეთმა მოსკოვის დროებითი რწმუნებული დაიბარა, რათა „ესტონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციის კამპანია” დაგმოს.
გავრცელებულ განცხადებაში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს „ცრუ ბრალდებების, მუქარისა და განზრახ პროვოკაციების გავრცელებას“.
„ბალტიისპირეთის რეგიონში დრონების გამოჩენა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიის პირდაპირი შედეგია. უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას თავი აგრესორისგან და დაარტყას სამხედრო სამიზნეებს, რომლებიც რუსეთის საომარ მანქანას უჭერენ მხარს“, – განაცხადა ცაჰკნამ.
ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეებში რუსეთის ტერიტორიიდან დრონების შეღწევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საჰაერო სივრცეებში უკრაინული დრონები მოხვდნენ, რომლებსაც კიევის მტკიცებით, რუსეთმა ტექნოლოგიების გამოყენებით ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ გადაამისამართა.