ბალტიის ზღვაში ტყვიამფრქვევით აღჭურვილი რუსული ტანკერი დააფიქსირეს
ესტონური და ფინური მედიის მიერ მოპოვებული და ორშაბათს გამოქვეყნებული ფოტოების თანახმად, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადამზიდი ტანკერი, რომელიც რეგულარულად გადაადგილდება ფინეთის ყურეში, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით იყო აღჭურვილი.
ფოტოები, რომლებიც ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტს (PPA) ეკუთვნის და ესტონურ ყოველკვირეულ გამოცემა „ეესტი ექსპრესსა“ და ფინურ ყოველდღიურ გაზეთ „ჰელსინგინ სანომატში“ გამოქვეყნდა, მიიჩნევა პირველ დოკუმენტირებულ მტკიცებულებად იმისა, რომ ბალტიის ზღვაში მყოფ რუსულ სამოქალაქო გემზე მძიმე შეიარაღებაა დამონტაჟებული.
პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ცნობით, აღნიშნული ტანკერი, რომლის სახელწოდებაა „მარშალი ვასილევსკი“, რუსული გაზის გიგანტის, „გაზპრომის დაქვემდებარებაშია.
„ჰელსინგინ სანომატის“ ინფორმაციით, ეკიპაჟის ბევრ წევრს სამხედრო წარსული აქვს, ზოგიერთი მათგანი კი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია.
ანალიტიკოსების განცხადებით, რომელსაც მთელი რიგი გამოცემები ციტირებენ, ტანკერზე არსებული მძიმე შეიარაღება ნატო-ს ქვეყნებთან დაპირისპირების სურვილზე მიუთითებს. ეს ასევე გაზრდიდა იმ რისკებს, რომლებიც დასავლეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ გემის შესაძლო დაკავების შემთხვევაში წარმოიქმნებოდა.
ფინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, წყალქვეშა კაბელების სავარაუდო დაზიანების გამოძიების დროს, ბალტიის ზღვაში მყოფ რუსეთთან დაკავშირებულ გემებზე, შემოწმების მიზნით, ადრეც ასულან. მათ შორის იყო ტანკერი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია, და სატვირთო გემი, რომელსაც რუსული საქონელი გადაჰქონდა.
ამ ოპერაციებს მხარდაჭერას ფინეთის სამხედრო ძალები და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები უწევდნენ.
წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP (Polska Agencja Prasowa)
სტატიის ავტორი: პოლონეთის საზოგადოებრივი რადიომაუწყებელი „პოლონეთის რადიო“ (Polskie Radio)
ფოტოს ავტორი: ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის (PPA)