ბალტიის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ლატვიაში, სულ უფრო მეტი ადამიანი აცხადებს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა

11:36, 23.10.2026
საილუსტრაციო ფოტო

საილუსტრაციო ფოტო

საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების მიმართ ბალტიის ქვეყნების მოსახლეობის რწმენა სულ უფრო მცირდება, რაც რეგიონში არსებულ მზარდ ეკონომიკურ წნეხზე მიუთითებს. ყველაზე საგანგაშო სიტუაცია ლატვიაშია, რომლის მოქალაქეები პირად ფინანსურ მდგომარეობას, ბალტიის დანარჩენ ორ ქვეყანასთან შედარებით, უფრო პესიმისტურად აფასებენ. ლატვიაშია ყველაზე მეტად შემცირებული იმ ადამიანების წილიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მომდევნო 3 თვეში თავისი ფინანსური რესურსების სათანადოდ გაკონტროლების შესაძლებლობა ექნებათ – ასეთი განწყობები დააფიქსირა გამოკითხვამ, რომელიც ბანკმა Citadele-მ, კვლევით სააგენტო Norstat-თან ერთად, ამ თვეში ჩაატარა.

ლატვიის მოსახლეობის მესამედზე მეტი (35 პროცენტი) აცხადებს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში მათი პირადი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. ივლისში ასე გამოკითხულთა მხოლოდ 25 პროცენტი ფიქრობდა.

ეს უარყოფითი ტენდენცია, ყველაზე მეტად, მამაკაცებსა და 29 წლამდე ასაკის მოქალაქეებში შეინიშნება. პირადი ფინანსების გამო შეშფოთება, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ყველაზე სწრაფად სწორედ ამ ჯგუფებში გაიზარდა. ოქტომბერში ეს მაჩვენებელი ორივე ჯგუფში ერთნაირად მაღალი (39 პროცენტი) იყო, რაც მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის შესამჩნევ გაუარესებაზე მიუთითებს.

ამავდროულად, 6 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ ადამიანების წილი, ვინც თავისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება დაადასტურა. ასეთი პოზიცია რესპონდენტთა მხოლოდ 10-მა პროცენტმა დააფიქსირა.

ბანკ Citadele-ს კვლევის შედეგებიდან ასევე იკვეთება, რომ მომავალში თავისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ბალტიის ქვეყნების მოსახლეობა ნაკლებად არის დარწმუნებული.

ლატვიაში, ბალტიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, უფრო მეტად არის შემცირებული იმ ადამიანების წილი, რომლებსაც სჯერათ, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში საკუთარი ფინანსების მართვას და გაზრდილ ხარჯებთან გამკლავებას წარმატებით მოახერხებენ. ლატვიაში ივლისში ეს მაჩვენებელი 66 პროცენტი იყო, ოქტომბერში კი 56 პროცენტამდე დაეცა.

საკუთარი ბიუჯეტის კონტროლისა და ზამთრის პერიოდში მოსალოდნელი ხარჯების დაფარვის საკითხი, ყველაზე მეტად, საშუალო ასაკისა და ხანდაზმულ ადამიანებს აწუხებთ.

მართალია, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (55 პროცენტი) აღნიშნა, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა არ შეცვლილა, მაგრამ ასეთი პასუხების წილი, ივლისთან შედარებით, 5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ეს ასევე ადასტურებს, რომ მოსახლეობის პირადი ფინანსური მდგომარეობა უარესდება.

ანალოგიური ტენდენცია შეინიშნება ლიეტუვასა და ესტონეთშიც, სადაც რესპონდენტთა შესაბამისად 26% და 40% მიიჩნევს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. ივლისთან შედარებით, ამ ორი ბალტიური ქვეყნის მცხოვრებთა განწყობა 7 პროცენტული პუნქტით გაუარესდა.

თუმცა, ამ ცვლილებებზე საზოგადოებების რეაქცია განსხვავებულია. ესტონეთში სულ უფრო ნაკლები ადამიანი არის იმაში დარწმუნებული, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში პირადი ფინანსების და ხარჯების ეფექტურად მართვას მოახერხებს, ლიეტუვაში კი მოსახლეობა მეტ მდგრადობას ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვის მოსახლეობის მეოთხედი ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას ადასტურებს, საკუთარი ბიუჯეტის კონტროლის შესაძლებლობის მიმართ ამ ქვეყნის მოსახლეობის თავდაჯერებულობა გაიზარდა და რეგიონში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. Citadele-ს განცხადებით, ლიეტუვაში ათიდან თითქმის შვიდი ადამიანი დარწმუნებულია, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში ფინანსებსა და ხარჯებზე სათანადო კონტროლის საშუალება ექნება.

Citadele-მ ასევე განმარტა, რომ კვლევის მონაცემებში მომხმარებელთა განწყობაზე სეზონური და მაკროეკონომიკური ფაქტორების გავლენაც აისახა.

კერძოდ, შემოდგომის დადგომასთან ერთად, როგორც წესი, მწვავდება და აქტუალური ხდება ცხოვრების ღირებულებისა და კომუნალური ხარჯების საკითხები, დღეს კი გეოპოლიტიკური გაურკვევლობა და საწვავის ფასების მერყეობა ამ კუთხით მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

ლიეტუვის მოსახლეობის პასუხები აჩვენებს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა ფინანსურ პრობლემებთან ადაპტაციას კარგად ახერხებს და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ხარჯების კორექტირება მოახდინოს, მაშინ, როცა ლატვიისა და ესტონეთის მონაცემები მომხმარებელთა მკვეთრად გამოხატულ სიფრთხილესა და საკუთარი შესაძლებლობების მიმართ შედარებით დაბალ ნდობაზე მიუთითებს. ამან მომავალში, შესაძლოა, ეკონომიკური აქტივობის ზრდა შეაფერხოს.

ბანკმა Citadele-მ მოსახლეობის გამოკითხვა, კვლევით სააგენტო Norstat-თან ერთად, 2026 წლის ოქტომბერში ჩაატარა. ბალტიის თითოეულ ქვეყანაში ონლაინგამოკითხვაში 18-დან 74 წლამდე ასაკის 1 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

სტატიის ავტორი: ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებლის (LSM.lv) რედაქცია

ფოტოს ავტორი: ალემ სტოკი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი, 2026 წელი, 09:12 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი