ბალიზე ვულკანის კიდევ ერთი ამოფრქვევის საშიშროების გამო, ევაკუაციის ზონა გაზარდეს
ბალიზე ვულკანის კიდევ ერთი ამოფრქვევის საშიშროების გამო, ევაკუაციის ზონა გაზარდეს

ბალიზე ვულკანის კიდევ ერთი ამოფრქვევის საშიშროების გამო, ევაკუაციის ზონა გაზარდეს. ინდონეზიის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მანამდე წითელი კოდით იყო შეფასებული, უმაღლესი დონით განსაზღვრა.

კუნძულზე მდებარე საერთაშორისო აეროპორტი კვლავ დახურულია, რაც ტურისტებს იძულებულს ხდის, სტიქიის ზონაში დარჩნენ.

ვულკანის თავზე შავი კვამლი 3 400 მეტრის სიმაღლეზეა.

კატასტროფების მართვის ეროვნულ საბჭოში ამბობენ, რომ ამოფრქვევის ხმა ეპიცენტრიდან 12 კილომეტრშიც ისმოდა. ბალის ძირითადი დასახლებული ნაწილი კი ვულკანიდან 70 კილომეტრში მდებარეობს.

ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას დამცავ ნიღბებს ურიგებს, ხოლო 10 კილომეტრით გაზრდილ საევაკუაციო ზონაში მცხოვრებლებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კვირას, კუნძულ ბალიზე, ვულკანის გააქტიურების გამო, ავიაკომპანიების ნაწილმა ფრენები შეაჩერა. მათ შორის არის ავსტრალიური Qantas-ი, Virgin Australia და ჰონგ-კონგში დარეგისტრირებული Cathay Pacific. მომხდარის გამო, 3000 ტურისტი დაზარალდა, რომელთა ფრენებიც გაუქმდა ან გადაიდო.

კუნძულ აგუნგზე მდებარე ვულკანის ამოფრქვევა 25 ნოემბერს დაიწყო. კვამლი და ფერფლი თავდაპირველად 1 500 კილომეტრის სიმაღლეზე ადიოდა.

ბოლოს აღნიშნული ვულკანის ამოფრქვევა 1963 წელს მოხდა. მაშინ სტიქიას 1 500 ადამიანი ემსხვერპლა.

დატოვე კომენტარი