ბაკურიანი და გუდაური აპრილში ზამთრის სახეობების რამდენიმე ღონისძიებას უმასპინძლებს #1TVSPORT
ბაკურიანმა ცოტა ხნის წინ, სკი კროსისა და სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლა. მომავალი წლის მსოფლიო ეტაპებისთვის მზადება კი უკვე დაწყებულია. ბაკურიანში 2021 წლის სკი კროსის საშეჯიბრო ტრასაზე ქართველი სპორტსმენები უკვე რამდენიმე კვირაა ვარჯიშობენ, გუდაურში კი 2021 წლის ფრისქისა და სნოუბორდის ჩემპიონატი სულ მალე დაიწყება.
გუდაური 3, 4 და 11 აპრილს ფრისტაილის სამი სახეობის შეჯიბრს უმასპინძლებს, სადაც ქართველი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. 3 აპრილს თოვლის პარკში სლოუფსთაილის, ხოლო 4 აპრილს ბიგ ეარის შეჯიბრები გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მოთხილამურეებიც და სნოუბორდერებიც. საშეჯიბრო ტრასის მზადება დასასრულს უახლოვდება და შეჯიბრის მონაწილეები პირველი აპრილიდან შეძლებენ ღონისძიებისთვის მომზადებას.
11 აპრილს კი კროსის შეჯიბრი შედგება, რომელიც ასევე ორ ნაწილად იქნება დაყოფილი. შეჯიბრი თხილამურისა და სნოუბორდ კროსის მოყვარულებს უმასპინძლებს, მათ შორის კი თითო შეჯიბრზე სამი საუკეთესო ბიჭი და სამი გოგო გამოვლინდება.
სანახაობრივი შეჯიბრების გარდა, ამ პარიოდის განმავლობაში, უკვე ბევრისთვის ცნობილი და საყვარელი „თოვლის საერთაშორისო დღეც“ გაიმართება.
საქართველო უკვე მეათე წელია უერთდება მსოფლიოს სხვა ზამთრის კურორტებს და მათთან ერთად აღნიშნავს ამ დღეს. თოვლის დღე, როგორც ყოველთვის, დატვირთული იქნება მოზარდებისთვის განკუთვნილი სახალისო შეჯიბრებითა და აქტივობებით.