ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა #1TVSPORT
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა – მიზანი ოლიმპიურ ფესტივალში სტუდენტების მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვაა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, მამუკა ხაბარელმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ. ცერემონიის დასრულების შემდეგ, ბაკურიანი 2025-ის ორგანიზატორებმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო ხასიათის პრეზენტაცია გამართეს.
სტუდენტებს ჯაბა სამუშიამ მიმართა: „ფესტივალზე ათასობით მონაწილე და დამსწრე ჩამოდის. თქვენ საქართველო უნდა წარმოადგინოთ და სამშობლოს პოპულარიზაციას ხელი შეუწყოთ, რომ შემდეგ მათ საქართველო კარგად დაახასიათონ. საუკეთესო სტუდენტები სწორედ ამიტომ უნდა შევარჩიოთ“.
„ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საქართველოში ჩატარებას ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რათა ზამთრის სახეობები განვითარდეს. სრული მხარდაჭერა გვაქვს მთავრობისგან, რადგან ეს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დიდ ცნობადობას მოუტანს. ამ საქმეში კი მოხალისეების როლი შეუფასებელია“, – განაცხადა მამუკა ხაბარელმა.
ბაკურიანი 2025-ის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში 2025 წლის 9-16 თებერვალს სამ ლოკაციაზე ჩატარდება – თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში.
ჩვენი ქვეყანა 48 ქვეყნის წარმომადგენელს ზამთრის სპორტის რვა ოლიმპიურ სახეობაში უმასპინძლებს – სამთო-სათხილამურო (ალპური) სრიალი, თავისუფალი სტილით სრიალი (ფრისტაილი), სნოუბორდი, ბიატლონი, თხილამურებით რბოლა, ციგურებით რბოლა (შორტ ტრეკი), ფიგურული ციგურაობა და ყინულის ჰოკეი.