„ბაიერნმა“ ზედიზედ მე-17 მატჩი მოიგო და გერმანიის თასი მოიპოვა
„ბაიერნმა“ ზედიზედ მე-17 მატჩი მოიგო და გერმანიის თასი მოიპოვა

მიუნხენის „ბაიერნმა“ 2019-20 წლების სეზონში „ოქროს დუბლი“ შეასრულა – ბუნდესლიგის მოგების შემდეგ, „რეკორდმაისტერმა“ გერმანიის თასზეც გაიმარჯვა.

ბერლინის უმაყურებლო, ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ ფინალში „ბაიერნმა“ 4:2 დაამარცხა „ლევერკუზენი“. პირველი ტაიმი მიუნხენელებმა დავიდ ალაბასა და სერჟ გნაბრის გოლებით 2:0 მოიგეს. მეორე ტაიმის დასაწყისში მანუელ ნოიერის საგოლე პასის შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკიმ  „ბაიერნის” უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა, რის შემდეგაც, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. გუნდებმა კიდევ თითო გოლი გაცვალეს – ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა, კაი ჰავერცმა კი პენალტი გაიტანა.

„ბაიერნმა“ ზედიზედ მეორედ და სულ მეოცედ მოიგო გერმანიის თასი. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა „ვერდერი“ – ექვსი მოგება ტურნირზე.

რობერტ ლევანდოვსკის 2019-20 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 51 გოლი დაუგროვდა – 34 – ბუნდესლიგაში, 11 – ჩემპიონთა ლიგაზე და 6 – გერმანიის თასზე.

„ბაიერნმა” გერმანიის რეკორდი დაამყარა მოგებების სერიის მიხედვით – მიუნხენურმა კლუბმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-17 მატჩი მოიგო. აქამდე რეკორდი „ლევერკუზენს“ ეკუთვნოდა – ზედიზედ 16 მოგება 1978 წელს.