„ბაიერნმა“ პარიზში მოიგო - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, პირველი მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის გათამაშება მერვედფინალური ეტაპით განახლდა. პარიზში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბაიერნს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ ნახევარმცველი უორენ ზაირ-ემერი. ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (16 წლისა და 343 დღის) გახდა, ვინც ამ ტურნირის მატჩის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.
პირველ ტაიმში პსჟ-ს არცერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონია, რაც პირველად მოხდა 2016 წლის შემდეგ. პირველ ტაიმში გერმანელებს დარტყმებში 9:1 ჰქონდათ უპირატესობა. მასპინძელთა ერთადერთი დარტყმა იყო ლიონელ მესის საჯარიმო, რომელიც ცოცხალ კედელს მოხვდა.
ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე კინგსლი კომანმა გაიტანა ალფონსო დევისის პასით. კომანი 2013-14 წლებში პარიზული გუნდის რიგებში თამაშობდა.
მასპინძლების რიგებში 57-ე წუთზე შევიდა მოედანზე კილიან მბაპე და 82-ე წუთზე გოლი გაიტანა, რომელიც თამაშგარის გამო არ ჩათვალეს.
„ბაიერნი“ მატჩს რიცხობრივ უმცირესობაში ასრულებდა, რადგან ორი ყვითელი ბარათის გამო 92-ე წუთზე მოედნიდან ბენჟამენ პავარი გააძევეს.
„ბაიერნი“ ზედიზედ 20 ოფიციალური მატჩია, დაუმარცხებელია – 16 მოგება და 4 ფრე. ბოლო წაგება 17 სექტემბრით თარიღდება („აუგსბურგთან“ – 0:1). გუნდს წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე შვიდიდან შვიდი მოგება აქვს ბურთების შეფარდებით – 19:2.
„პარი სენ-ჟერმენმა“ კი ზედიზედ მესამე ოფიციალური მატჩი წააგო, რაც პირველად მოხდა 2020 წლის შემდეგ.
განმეორებითი შეხვედრა 8 მარტს მიუნხენში გაიმართება.