„ბაიერნმა“ ლევანდოვსკის ჰეთ-თრიკით გერმანიის სუპერთასი მოიგო

გერმანიაში 2018-2019 წლების სეზონი ფრანქფურტში გაიხსნა, სადაც გერმანიის სუპერთასისთვის ქვენის თასის მფლობელი „აინტრახტი“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს „ბაიერნს“ მასპინძლობდა.

გასული სეზონის ბოლოს, გერმანიის თასის ფინალში „აინტრახტმა“ სენსაციურად მოუგო „ბაიერნს“ – 3:1. მაშინ, ფრანქფურტელთა დამრიგებელმა ნიკო კოვაჩმა თავისი მომავალი კლუბი დაამარცხა. ახლა კი ხორვატმა სპეციალისტმა ყოფილ კლუბს, „ბაიერნს“ 5:0 მოუგო.

მატჩი „აინტრახტის“ აქტიურობით დაიწყო, რაც პირველ 20 წუთში სამ არაზუსტ დარტყმაში გამოიხატა. ამის შემდეგ, მასპინძლებმა ზედიზედ ორი გოლი მიიღეს რობერტ ლევანდოვსკისგან, რომელმაც ჩაგდებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ამ ერთი მატჩით მოახერხა რეაბილიტაცია. პოლონელი ჯერ ჯოშუა კიმიხის ჩაწოდებისას გაიხსნა დროულად, შემდეგ კი კუთხურისას, სალსედოსა და რიონოვის შეცდომით ისარგებლა და თავით დუბლი შეასრულა. შესვენების შემდეგ, ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. 54-ე წუთზე მან მცველი საჯარიმოში მოატყუა და ზუსტად დაარტყა.

სამი გატანილი გოლის მიუხედავად, „ბაიერნი“ არ ჩერდებოდა და კინგსლი კომანმა მოედანზე გამოსვლა ზუსტად ხუთ წუთში გოლად აქცია – დავიდ ალაბამ კარის გასწვრივ ჩააწოდა, რიონოვი ჩაჭრისას შეცდა და ფრანგმა შორეულ კუთხეში გაიტანა.
მატჩის მიწურულს, კომანი მარჯვენა ფლანგზე გაიქცა, სალსედო ჩამოიშორა და თავისუფალ ტიაგო ალკანტარას გაუკეთა საგოლე პასი – 5:0.

„ბაიერნმა“ ზედიზედ მესამედ და ისტორიაში მეშვიდედ მოიგო გერმანიის სუპერთასი. ორივე მაჩვენებელი რეკორდია.
„ბაიერნმა“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ნოიერი, კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა, ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა, მიულერი (64. გორეტცკა), რობენი (58. კომანი), ლევანდოვსკი (72. ვაგნერი), რიბერი.