„ბაიერნმა“ ევროპის ლიგის გამარჯვებულს ექვსი გოლი გაუტანა და ბუნდესლიგის ახალი სეზონი 6:1 მოგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
„ბაიერნმა“ ევროპის ლიგის გამარჯვებულს ექვსი გოლი გაუტანა და ბუნდესლიგის ახალი სეზონი 6:1 მოგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნმა“ მძლავრად დაიწყო 2022-23 წლების სეზონი და, ჯერჯერობით, არ იმჩნევს რობერტ ლევანდოვსკის დაკარგვას. გერმანიის ჩემპიონმა ჯერ „ლაიპციგს“ გაუტანა სუპერთასზე ხუთი გოლი, ახლა კი ბუნდესლიგის პირველ ტურში სტუმრად 6:1 გაანადგურა ევროპის ლიგის ტრიუმფატორი „აინტრახტი“, თანაც ხუთი გოლი პირველ ტაიმში გაიტანა. თავი გამოიჩინეს იოზუა კიმიხმა, ბენჟამენ პავარმა, სადიო მანემ, ჯამალ მუსიალამ და სერჟ გნაბრიმ. სხვათა შორის, ბუნდესლიგის ისტორიაში საწყის ტურში პირველად დაფიქსირდა პირველ ტაიმში ხუთბურთიანი სხვაობა.

მეორე ტაიმში მუსიალამ დუბლი შეასრულა და დაამთავრა ფრანქფურტელთა განადგურება. „აინტრახტმა“ კი ერთადერთი გოლი 0:5-ზე გაიტანა, როცა მანუელ ნოიერმა საჯარიმოს გარეთ ბურთის გათამაშება სცადა, მაგრამ ფრანგმა ფორვარდმა რანდალ კოლო მუინიმ ჩაუჭრა და ცარიელ კარში შეაგდო.

 

ფაქტები

* „აინტრახტს“ ბუნდესლიგაში ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ბოლო გამარჯვება 20 მარტით თარიღდება.

* კიმიხმა ბუნდესლიგაში პირველად გაიტანა გოლი საჯარიმო დარტყმიდან.

* ხუთი გოლის გარდა, „ბაიერნმა“ პირველ ტაიმში სამჯერ გაარტყა ბურთი ძელს.

* „ბაიერნი“ ზედიზედ 11 წელია არ აგებს პირველი ტურის მატჩს. წინა 10 შემთხვევაში გუნდი ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა.

* მანეს ახალ გუნდში პირველ ორ ოფიციალურ მატჩში ორი გოლი დაუგროვდა. ბოლოს „ბაიერნში“ ასეთი რამ 10 წლის წინ მარიო მანჯუკიჩმა შეძლო. მაშინ მან პირველ ოთხ ოფიციალურ მატჩში ზედიზედ გაიტანა.

* 2020-21 წლების სეზონიდან მოყოლებული, თომას მიულერს 40 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში. უახლოეს მდევარს – კილიან მბაპეს „პარი სენ-ჟერმენიდან“ 24 საგოლე გადაცემა აქვს.

 

აინტრახტი-ბაიერნი     1:6

გოლები: 0:1 კიმიხი (5), 0:2 პავარი (11), 0:3 მანე (29), 0:4 მუსიალა (35), 0:5 გნაბრი (43), 1:5 კოლო მუანი (64), 1:6 მუსიალა (83)

აინტრახტი: ტრაპი – ტურე, ტუტა (81. ჰასებე), ნ’დიკა, კნაუფი, სოვი, როდე (46. იაკიჩი), კოსტიჩი (74. ალიდუ), ლინდსტრიომი (46. ლენცი), გიოტცე – ბორე (46. კოლო მუანი).

ბაიერნი: ნოიერი – პავარი (82. მაზრაუი), უპამეკანო, ერნანდესი (82. დე ლიგტი), დევისი – კიმიხი, ზაბიტცერი (57. გრავენბერხი) – გნაბრი (65. ტელი), მიულერი (65. სანე), მუსიალა – მანე.