„ბაიერნისა“ და „ინტერის“ ფეხბურთელები, 40 წელია, მუნდიალების ფინალში თამაშობენ - შესაძლოა, წელსაც ასე მოხდეს #1TVSPORT
1982 წელს ესპანეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული, მსოფლიო ფეხბურთში კანონზომიერებად იქცა, რომ ფინალში ყოველთვის თამაშობდა მინიმუმ თითო მოთამაშე მიუნხენის „ბაიერნიდან“ და მილანის „ინტერიდან“.
1982 წელს ეს დიდად გასაკვირი არ იყო, რადგან ეს გახლდათ ჯუზეპე ბერგომის, გაბრიელ ორიალისა და ალესანდრო ალტობელის იტალია და კარლ-ჰაინც რუმენიგეს, პოლ ბრაიტნერის და ვოლფგანგ დრემლერის დასავლეთ გერმანია. დასავლეთ გერმანია ოთხი წლის შემდეგ კვლავ გავიდა ფინალში და ამჯერად არგენტინას შეხვდა. ევროპელებს ორივე კლუბის ფეხბურთელი ჰყავდათ – იმ დროს რუმენიგე გადავიდა „ინტერში“, ხოლო ლოთარ მათეუსი, დიტერ ჰიონესი და ნორბერტ ედერი „ბაიერნს“ წარმოადგენდნენ.
ამავე ნაკრებებმა ითამაშეს 1990 წლის ფინალი და ამჯერად „ინტერში“ გადასულმა მათეუსმა შეძლო მსოფლიო ტიტულის აღნიშვნა თანამემამულეებთან, რომლებიც „ბაიერნში“ გამოდიოდნენ – კლაუს აუგენტალერთან, იურგენ კოლერთან და შტეფან როიტერთან ერთად. ოთხი წლის შემდეგ, აშშ-ში, იტალია, სადაც „ინტერიდან“ ნიკოლა ბერტი იყო, შეხვდა ბრაზილიას, რომლის შემადგენლობაშიც თამაშობდა „ბაიერნის“ მცველი ჟორჟინიო. რობერტო ბაჯოს ცნობილი აცილებული პენალტის შემდეგ ჩემპიონობა ბრაზილიამ იზეიმა.
1998 წელს საფრანგეთში ბრაზილია კვლავ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ფინალის მთავარი თემა რონალდოს ჯანმრთელობის პრობლემები გახდა. ბრაზილიელი იმ დროს „ინტერის“ ლიდერი იყო და წაგებულ ფინალში (3:0) ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საათით ადრე კრუნჩხვები ჰქონდა. საფრანგეთმაც გააგრძელა სერია – მათ ნაკრებში ამ დროს იყვნენ ლიზარაზუ („ბაიერნი“) და ჯორკაეფი („ინტერი“).
2002 წელს რონალდო ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა. იაპონიასა და სამხრეთ კორეაში „ინტერის“ თავდამსხმელი დაეხმარა ბრაზილიას მსოფლიო ტიტულის მოპოვებაში, როგორც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი – მისმა გუნდმა ფინალში დაამარცხა გერმანია, სადაც „ბაიერნიდან“ თამაშობდნენ ოლივერ კანი, კარსტენ იანკერი, თომას ლინკე და იენს ჯერემისი. ოთხი წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იტალია და საფრანგეთი გავიდნენ. მთავარი თემა იყო პროვოკაცია, რომელიც „ინტერის“ მცველმა მარკო მატერაციმ ფრანგ ზინედინ ზიდანს მოუწყო და მისი მოედნიდან გაძევება გამოიწვია. ლიდერის გარეშე დარჩენილმა საფრანგეთმა ფინალი პენალტების სერიაში წააგო, თუმცა „ბაიერნის“ მცველმა და ამჟამად საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პენალტი გამოიყენა.
2010 წელს აფრიკის კონტინენტზე პირველად ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი. სამხრეთ აფრიკაში გამართულმა მუნდიალმა კი კიდევ ერთი სიახლე მოიტანა: პირველად 1986 წლის შემდეგ, „ბაიერნისა“ და „ინტერის“ ვერცერთმა მოთამაშემ მსოფლიო ტიტული ვერ მოიგო. ნიდერლანდების ნაკრები, სადაც მარკ ვან ბომელი, არიენ რობენი (ორივე „ბაიერნი“) და უესლი სნეიდერი („ინტერი“) თამაშობდნენ, ესპანეთთან დამარცხდა.
ოთხი წლის შემდეგ გერმანიასა და არგენტინას შორის მორიგი დუელი გაიმართა. „ბაიერნის“ შვიდი მოთამაშე მონაწილეობდა ბუნდესნაკრების ტრიუმფში – ფილიპ ლამი, ტონი კროოსი, ტომას მიულერი და გამარჯვების გოლის ავტორი მარიო გიოტცე. „ინტერი“-„ბაიერნის“ სერიას ამ ფინალში საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ „ინტერის“ შემტევი როდრიგო პალასიო არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ძირითადი დროის დასრულებამდე ათი წუთით ადრე გამოჩნდა.
2018 წელსაც ეს უჩვეულო სერიალი შემცვლელმა გადაარჩინა. „ბაიერნის“ ნახევარმცველი კორენტენ ტოლისო სათადარიგოებში იყო და 73-ე წუთზე გამოჩნდა ხორვატიის წინააღმდეგ საფრანგეთის ტრიუმფში. ხორვატიის ნაკრებში კი თამაშობდნენ „ინტერის“ ვარსკვლავები მარსელო ბროზოვიჩი და ივან პერიშიჩი.
ამჯერად კი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში „ინტერში“ თანაგუნდელები მარსელო ბროზოვიჩი (ხორვატია) და ლაუტარო მარტინესი (არგენტინა) დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. დიდი შანსია, რომ ევროპის ორი გამორჩეული კლუბი წელს კვლავ იყოს წარმოდგენილი ფინალში. ოთხივე ნახევარფინალისტს ამ გუნდებიდან ერთი ფეხბურთელი მაინც ჰყავს. „ინტერის“ ორ მოთამაშე, არგენტინელი ლაუტარო მარტინესი და ხორვატი მარსელო ბროზოვიჩი ერთმანეთს პირველ ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან. ხორვატებს „ბაიერნიდან“ იოსიპ სტანიშიჩი წარმოადგენს. მეორე ნახევარფინალში კი მოედანზე მხოლოდ ბაიერნის“ მოთამაშეები გავლენ – მაროკოელი ნუსარ მაზრაუი ფრანგების, დეიო უპამეკანოს, ბენჟამინ პავარისა და კინგსლი კომანის წინააღმდეგ ითამაშებს.