„ბაიერნი“ „შალკეს“ მეკარეს გადაიბირებს
„ბაიერნი“ „შალკეს“ მეკარეს გადაიბირებს

გელზენკირხენის „შალკეს“ 23 წლის მეკარე ალექსანდრ ნიუბელი გუნდს 2019-2020 წლების სეზონის შემდეგ დატოვებს. კლუბის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნიუბელმა ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა. ამჟამინდელი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულში იწურება.

გაზეთ „ბილდის“ინფორმაციით, ახალგაზრდა მეკარე მიუნხენის „ბაიერნს“ მოელაპარაკა – ამ გუნდში ნიუბელი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა და ხუთწლიან კონტრაქტს გააფორებს. „ბაიერნში“ იმედოვნებენ, რომ მომავალში ნიუბელი სრულფასოვნად შეცვლის მანუელ ნოიერს, მანამდე კი ის მეორე მეკარე იქნება.

გერმანიის წლევანდელ ჩემპიონატში ნიუბელმა 15 მატჩი ჩაატარა. ბოლო ტურში მან წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციის გამო სამ შეხვედრას გამოტოვებს.

სხვათა შორის, თავის დროზე მანუელ ნოიერიც „ბაიერნში“ „შალკედან“ გადავიდა.