ბაიდენი ტრამპისა და ზელენსკის მოლაპარაკებების სტენოგრამის გასაჯაროებას ითხოვს
ბაიდენი ტრამპისა და ზელენსკის მოლაპარაკებების სტენოგრამის გასაჯაროებას ითხოვს

ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის მოლაპარაკებების სტენოგრამის გასაჯაროება მოითხოვა.

როგორც „უოლ სთრით ჯოურნალი“ წერს, სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს დაჟინებით სთხოვდა, ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიება ჩაატაროს.

პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ ბაიდენმა ტვიტერით, მოითხოვა ტრამპისა და ზელენსკის საუბრის შინაარსის გასაჯაროება.

„უოლ სთრით ჯოურნალის“ ინფორმაციით, სატალეფონო საუბრის დროს ტრამპი „ზეწოლას ახორციელებდა ზელენსკიზე“.

„მან რვაჯერ შესთავაზა უკრაინის ლიდერს ითანამშრომლოს მის პირად ადვოკატ რუდი ჯულიანისთან, რათა ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიება ჩატარდეს“, – წერს გამოცემა.

საუბარია ჰანტერ ბაიდენზე, რომელიც 2014-2019 წლებში უკრაინული ნავთობკომპანია „ბურისმას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

„უოლ სთრით ჯოურნალის“ ბრალდებას აშშ-ის პრეზიდენტი უარყოფს.

ანალოგიური განცხადება გააკეთეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.