ბაიდენი პუტინთან ონლაინშეხვედრამდე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა
ბაიდენი პუტინთან ონლაინშეხვედრამდე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან ონლაინშეხვედრამდე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედროების მობილიზებისა და რუსეთის მზარდი ხისტი რიტორიკის გამო. მათ მოუწოდეს რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ და შეთანხმდნენ, რომ მინსკის შეთანხმებების განხორციელებით, დონბასში კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი გზა დიპლომატიაა. ამ მხრივ აღინიშნა ნორმანდიული ფორმატის მნიშვნელობა.

ლიდერებმა ხაზი გაუსვეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას. აშშ, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ბრიტანეთი შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციებს გააგრძელებენ ნატო-ს მოკავშირეებთან და ევროკავშირის წევრ პარტნიორებთან კოორდინირებული და ყოვლისმომცველი მიდგომის შესამუშავებლად.

ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში დღეს გაიმართება.