ბაჰრეინის გრან-პრი ლუის ჰემილტონმა მოიგო
ბაჰრეინის გრან-პრი ლუის ჰემილტონმა მოიგო

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი ბაჰრეინში დრამატული რბოლის გამარჯვებული გახდა. ჩემპიონატის მეორე ეტაპს იოლად იგებდა „ფერარის“ პილოტი შარლ ლეკლერი, მაგრამ ახალგაზრდა მონაკოელი ტექნიკურმა პრობლემებმა დააღალატა.

პოულის მფლობელმა ლეკლერმა სტარტი წააგო თანაგუნდელ სებასტიან ფეტელთან, მაგრამ რამდენიმე წრის შემდეგ, შესანიშნავი მანევრით გაუსწრო გერმანელს და ამის შემდეგ, ძალიან დამაჯერებლად ლიდერობდა. ლეკლერი კარიერაში პირველი გამარჯვებისკენ მიდიოდა როცა ფინიშამდე 10 წრით ადრე, მისი მანქანის ძრავაზე ERS-ის სისტემა გამოვიდა მწყობრიდან, რაც 160 ცხენის ძალის სიმძლავრის დაკარგვას ნიშნავდა. ლეკლერი, რომელიც იმ მომენტისთვის შვიდ წამს უგებდა უახლოეს მდევარს, ბედს შეეგუა და ჯერ ჰემილტონი გაატარა, შემდეგ კი ვალტერი ბოტასი.

ლუის ჰემილტონმა პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი, მეორე ადგილზე გავიდა ვალტერი ბოტასი, ასე რომ, სეზონის პირველ ორ რბოლაში „მერსედესმა“ დუბლის შესრულება შეძლო. კარიერაში პირველად ავიდა პოდიუმზე შარლ ლეკლერი. მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა მაქს ფერსტაპენი, მეხუთეზე – სებასტიან ფეტელი.
საერთო ჩათვლაში დაწინაურდა ვალტერი ბოტასი, თუმცა, მას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ჰემილტონი. ფერსტაპენი ისევ მესამეა – 17-ქულიანი ჩამორჩენით. ტოპ-ხუთეულს ასრულებენ „ფერარის“ პილოტები – ლეკლერი ფეტელზე მაღლა იმყოფება.

კონსტრუქტორთა თასზე „მერსედესი“ „ფერარის“ დამაჯერებლად უგებს – 87:48.

შემდეგი ეტაპი – ჩინეთის გრან-პრი 14 აპრილს გაიმართება. ეს იქნება ფორმულა 1-ის ისტორიაში მე-1000 რბოლა.