ბაჰამის კუნძულებს ახალი ტროპიკული შტორმი უახლოვდება
ბაჰამის კუნძულებს ახალი ტროპიკული შტორმი უახლოვდება

დამანგრეველი ქარიშხლის შემდეგ ბაჰამის კუნძულებს ახალი ტროპიკული შტორმი უახლოვდება, – ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ტროპიკული შტორმი სახელად „უმბერტო“ ატლანტის ოკეანეს დასავლეთ ნაწილში ჩამოყალიბდა და ამჟამად ბაჰამის კუნძულ აბაკოდან 210 კილომეტრის დაშორებითაა. სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 65 კილომეტრია. ტროპიკული შტორმი ბაჰამისკენ საათში ცხრა კილომეტრის სიჩქარით მიიწევს.

მოსალოდნელია, რომ ტროპიკული შტორმი უმბერტო კუნძულზე ძლიერ ქარს და წვიმას გამოიწვევს. ამასთან არსებობს შტორმის კიდევ უფრო გაძლიერების საშიშროება. ახალი სტიქიის შედეგად კი, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს ქარიშხალ „დორიანისგან“ დაზიანებულ კუნძულზე სამუშაოების ჩატარება გაურთულდებათ.

ქარიშხალი „დორიანი“ ბაჰამის კუნძულებს ორი კვირის წინ დაატყდა თავს. სტიქიურმა უბედურებამ კუნძულოვან ქვეყანაში მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, ქარიშხალს 50 ადამიანი შეეწირა, თუმცა ამ დრომდე 1 300 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. 15 ათას პირს კი, მედიკამენტები, საკვები და სასმელი წყალი ესაჭიროება.

დატოვე კომენტარი