ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში დღეს ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის პირადი შეჯიბრი დასრულდება. ხვალ კი გამარჯვებული გუნდურ პირველობაზე გამოვლინდება.
მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენს ნაკრებში მესამე გაორებული წონა 100 კილოგრამია. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ონისე სანებლიძე პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი აზერბაიჯანელ ადილ კარიმლისა და გერმანელ ივო ვიტასეკს შორის მოგებული იქნება. შეგახსენებთ, რომ სანებლიძემ კარიმლისი ევრო პირველობაზე, მეოთხედფინალურ შეხვედრაში დაამარცხა.
ამავე წონაში იჭიდავებს ზაურ კენჭაძეც, რომელიც ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვება, შემდეგ კი ევროპის წლევანდელ მესამე პრიზიორს გერმანელთა დანიელ ზორნს შეხვდება. ზორნი ის ძიუდოისტია ვისაც სანებლიძემ ევროპის ჩემპიონატზე 1/2 ფინალში სძლია.
პირველ წრეში, მძიმე წონაში ევროპის კიდევ ერთი მოქმედი ჩემპიონი, გელა ზაალიშვილიც ისვენებს, მისი მეტოქე იაპონელი ტაცურო საიტოსა და მონღოლი ცეცეცენგელ ოდხუუს პაექრობაში გამოვლინდება.
რაც შეეხება ევროპის კიდევ ერთ პრიზიორს სოფიო სომხიშვილს (+78), ის პირველ შეხვედრაში ავსტრიელი მარია ჰოლვარტის დამარცხებას შეეცდება. გამარჯვების შემთხვევაში კი იაპონელ ჰიკარუ კოდამას დაუპირისპდება.