ბაგრატ ფიფია - ონკოლოგიური დაავადება განაჩენი არ არის
ბაგრატ ფიფია - ონკოლოგიური დაავადება განაჩენი არ არის

ონკოლოგიური დაავადება განაჩენი არ არის, – ამის შესახებ ყოფილი პაციენტის მამამ, ბაგრატ ფიფიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ბაგრატ ფიფიამ განაცხადა, მის შვილს რვა წლის ასაკში ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, რაც ოჯახისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და ძალიან მტკივნეული იყო.

„2018 წლის აპრილში ჩემს რვა წლის შვილს ფეხზე თითქოს უმნიშვნელო, ჩვეულებრივი სილურჯეები აღმოაჩნდა. ორი დღე არ მივაქციეთ ყურადღება. შემდეგ ცოტა გაღიზიანდა და ერთ-ერთ კლინიკაში წავიყვანეთ, სადაც მცირე მანიპულაციის გაკეთება გადაწყვიტეს. გვეგონა, რაღაც ჩირქოვანი წარმონაქმნი იყო. მანიპულაცია დილით უნდა ჩატარებულიყო და ბუნებრივია, წინასწარ აიღეს ანალიზები. არც მინდა იმ დილის გახსენება, როცა კლინიკაში მივედი და მითხრეს, თქვენ ბევრად მეტი პრობლემა გაქვთ, ვიდრე ჩირქოვანი წარმონაქმნიაო. თავდაპირველად, ვერც გავიაზრე, რაზე იყო საუბარი. როცა იაშვილის კლინიკაში გადაგვიყვანეს, იქ უკვე აგვიხსნეს, რომ ბავშვს ლეიკემია ჰქონდა“, – განაცხადა ფიფიამ.

მისი თქმით, ოჯახმა მეგობრებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბავშვისთვის საზღვარგარეთ ემკურნალათ, რაშიც მათ „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი“ დაეხმარა.

„ეს იყვნენ ადამიანები, რომლებმაც პირველადი დახმარება აღმომიჩინეს, დამაკვალიანეს, გამამხნევეს ეს თავზარდაცემული ადამიანი და არასდროს დამავიწყდება დაახლოებით, ორსაათიანი სატელეფონო საუბარი ქალბატონ ეკა ნონიაშვილთან, რომელსაც მაშინ არც ვიცნობდი. იმ ორი საათის მერე მე უკვე ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. პირველი, ვინც მიგვიღო, იყო ისრაელში „შიბას“ საკმაოდ ცნობილი კლინიკა და მესამე დღეს გავფრინდით“, – განაცხადა ფიფიამ.

როგორც ყოფილი პაციენტის მამამ აღნიშნა, ისრაელში ბავშვის მკურნალობა დიაგნოზის დასმიდან მეოთხე-მეხუთე დღეს დაიწყეს და დღეს უკვე, მისი შვილი ჯანმრთელია.

„ქიმიოთერაპიის ხუთი კურსი ჩაგვიტარეს. აპრილში დავიწყეთ და და ბოლო კურსი 21 ოქტომბერს გვქონდა. ამ შუალედში იყო ყველა შესაძლო გართულება, რაც კი შეიძლებოდა, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ყოფილიყო, მაგრამ ექიმების და ღვთის წყალობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ბექა ჯანმრთელია. დღეს ფაქტობრივად, მკურნალობის კურსს აღარ გავდივართ და მხოლოდ „დე“ ვიტამინის დონეზე ვმკურნალობთ. პერიოდულად გვიწევს გამოკვლევებზე ჩასვლა და საბედნიეროდ, კარგი შედეგებით ვბრუნდებით“, – განაცხადა ფიფიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა საქართველოში სანდოობის პრობლემა და რამ გადააწყვეტინა საზღვარგარეთ წასვლა, ბაგრატ ფიფიამ განაცხადა, რომ საქართველოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები ჰყავს, მაგრამ რადგან მისი შვილის დიაგნოზი სპეციფიკური იყო, ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობის გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო.