ბაღის დირექტორი, სადაც ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირი მუშაობდა, აცხადებს, რომ ბრალდებული ერთ-ერთი საუკეთესო აღმზრდელი იყო
ბაღის დირექტორი, სადაც ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირი მუშაობდა, აცხადებს, რომ ბრალდებული ერთ-ერთი საუკეთესო აღმზრდელი იყო

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ პირს, რომელიც ერთ-ერთი საჯარო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა, ბაღის დირექტორი დადებითად ახასიათებს.

25-ე საჯარო ბაღის დირექტორი თიკო ნოზაძე აღნიშნავს, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულს ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდა ბავშვებთან და ერთ-ერთ საუკეთესო აღმზრდელად ითვლებოდა. დაკავებული საბავშვო ბაღში სამი წლის განმავლობაში მუშაობდა და ამ ეტაპზე, სასამართლოს დასრულებამდე სტატუსი აქვს შეჩერებული.

„მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ სამი წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ვთანამშრომლობდით, იყო ერთ-ერთი საუკეთესო აღმზრდელი, აქტიური, კომუნიკაბელური. ბავშვები დღემდე გიჟდებიან მასზე. მშობლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ჩემამდე არასდროს მოსულა მის შესახებ რაიმე უსიამოვნო ფაქტი. ბაღში მისი ქცევა სრულიად შეესაბამებოდა სკოლამდელი ბავშვის აღმზრდელის ქცევას. ხასიათდება საუკეთესოდ, მხიარული, აქტიური, კოლეგიალური, მოსიყვარულე, პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი. როგორც ხელმძღვანელს, მისთვის შენიშვნა არასდროს მიმიცია“, – განაცხადა თიკო ნოზაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 1975 წელს დაბადებული მ.რ. ნარკოდანაშაულისთვის 4 იანვარს დააკავეს. დღეს კი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში პირველ არხს დაუდასტურეს, რომ დაკავებული საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა.