ბაღდადში შეტაკებები მოხდა უსაფრთხოების ძალებსა და პარტიების მხარდამჭერებს შორის, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ადგილობრივ უსაფრთხოების ძალებსა და იმ პარტიების მხარდამჭერებს შორის, რომლებიც ოქტომბერში გამართულ საყოველთაო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან, შეტაკებები მოხდა.
დაპირისპირებაში პრო-ირანული პარტიების მხარდამჭერები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ბოლო არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანი ადგილები დაკარგეს ქვეყნის პარლამენტში. მათ ქვების სროლა დაუწყეს უსაფრთხოების ძალებს, რასაც საპასუხოდ სამართალდამცავების მხრიდან ცრემლსადენი აირის გამოყენება და ხალხის დიდი ჯგუფების დასაშლელად ჰაერში სროლა მოჰყვა.
შეტაკებების შედეგად ორი მომიტინგე დაიღუპა და ორივე მხრიდან ათობით ადამიანი დაშავდა.
შეტაკებების ეპიცენტრი ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონა იყო, სადაც სხვადასხვა ქვეყნების საელჩოები და სამთავრობო შენობებია წარმოდგენილი.