ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან სამი აღსაზრდელის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან სამი აღსაზრდელის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან სამი აღსაზრდელის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აღსაზრდელები ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ, მათ პირღებინება, დიარეა და ტემპერატურის მატება აღენიშნებათ.

ამასთან, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მიმდინარე პერიოდში ხშირია ვირუსული ინფექციები, თუმცა, ამის მიუხედავად, სააგენტოს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით მიმართეს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რათა შემოწმდეს კვების ბლოკი და გამოირიცხოს კვებითი ინტოქსიკაცია.

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ საბავშვო ბაღის სამი აღსაზრდელი მკურნალობას გადის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, რომელთაც აღენიშნებათ პირღებინება, დიარეა და ტემპერატურის მატება.

ზოგადად, ამ პერიოდში ხშირია ვირუსული ინფექციები, მათი გავრცელება იმატებს ჰაერის ტემპერატურის ვარდნასთან ერთად.

ამის მიუხედავად, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რათა შემოწმდეს კვების ბლოკი და გამოირიცხოს კვებითი ინტოქსიკაცია. ასევე, სააგენტოს რეკომენდაციით, პროდუქტების გარკვეული ნაწილის სინჯები გადაიგზავნა ლაბორატორიაში კვლევისთვის. ბაგა-ბაღში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაო. ლაბორატორიული კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი დადგინდეს, რა გახდა ბავშვების ინფიცირების მიზეზი-საკვები თუ ვირუსული ინფექცია“,- აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.