ბაგა-ბაღების კვების ტენდერში კომპანია „ნილმა“ გაიმარჯვა
ბაგა-ბაღების კვების ტენდერში კომპანია „ნილმა“ გაიმარჯვა

საბავშვო ბაღების კვების ტენდერში გამარჯვებულად კომპანია „ნილი“ გამოცხადდა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აქამდე ამ კომპანიასთან ერთთვიანი ხელშეკრულება იყო გაფორმებული, რომ ტენდერის საბოლოო შედეგამდე, ბავშვები საკვების გარეშე არ ყოფილიყვნენ.

„გუშინ ბოლო სხდომა გვქონდა საბავშვო ბაღების კვებასთან დაკავშირებით და გიდასტურებთ, გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია “ნილი”. რაც შეეხება მომავალში ამ კომპანიის მიერ ხარვეზების დაშვებას, ჩვენ ყოველდღიურ მონიტორინგს განვახორციელებთ. ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ადეკვატური რეაგირება გვექნება. ვინაიდან მერიის მიერ გამოცხადებული ყველა ტენდერი არის ღია და გამჭირვალე და მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ კონკურენციის პირობები, შესაბამისად, მერიის მხრიდან ვერ მოხდებოდა ჩარევა, რომელიმე კონკრეტული კომპანიისთვის აეკრძალა მონაწილეობა ტენდერში“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.