ბადრი კვარაცხელია შვილის შესაძლო ტრანსფერზე - „იუვენტუსის“ გარდა სხვებიც არიან, ხვიჩას ჯერ პასუხი არ უთქვამს #1TVSPORT
ბადრი კვარაცხელიამ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში მისი შვილის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გავრცელებულ ხმებზე კომენტარი გაააკეთა – ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის თქმით, ხვიჩა ახალ კლუბში გადასვლას სეზონის ბოლოს გადაწყვეტს.
ცხადია, დავინტერესდით, რამდენად რეალურია ინფორმაცია, რომ „იუვენტუსი“ ხვიჩას ტრანსფერში 20 მილიონ ევროს იხდის.
„თანხებში მე ჩახედული არ ვარ და ეს ნაკლებად მაინტერესებს. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რამდენად რეალურია ეს ტრანსფერი. მამუკა ჯუღელი ტურინელების წარმომადგენელს შეხვდა და დაილაპარაკეს. ეტყობა, იტალიელებმა ამის საფუძველზე დაწერეს ის ინფორმაცია, რაც მერე გავრცელდა. მაგრამ ჯერ პასუხი არ გვაქვს მიცემული და გადაწყვეტილი არაფერია“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ბადრი კვარაცხელია.
მისი თქმით, სხვა გუნდები არანაკლებ დაინტერესებულები არიან.
„გარდა „იუვენტუსისა“, სხვა გუნდებიც აქტიურობენ და „რუბინთან“ მოლაპარაკება უნდათ. ჯერ ბავშვი იძახის, რომ მთავარია ფეხი მოურჩეს და სეზონი დასრულდეს. სეზონის შემდეგ მამუკა შეხვდება კლუბებს, მოილაპარაკებს და ხვიჩა იტყვის, სად წავა“.
ბადრი კვარაცხელიამ ხვიჩას ტრავმაზეც ისაუბრა.
„მკურნალობას კიდევ 2 კვირა სჭირდება და მერე ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, აღდგენები როგორ წარიმართება. არ ვიცი, როგორ მდგომარეობაში და ფორმაში იქნება ივნისში, როდესაც რუმინეთთან და ნიდერლანდის ნაკრებებთან ამხანაგური მატჩები გველის. მაგრამ ბავშვი მეუბნება და ექიმიც მიმეორებს, რომ ამ დროისთვის მზად იქნება. შესაძლოა, რუსეთის პრემიერლიგაში სეზონის ბოლო ტურის თამაში ჩაატაროს, ვნახოთ“.